„პოზიცია“ პროკურატურის ახალ კანონს მახინჯი სისტემის დანგრევის გარანტიად მიიჩნევს
„პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები“ ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი, საჭირო და დროული საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც სამართლებრივ სივრცეში არსებულ მახინჯ მექანიზმებს დაანგრევს და პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხს გაზრდის“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კანონშია ასახული.
ადამაშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც პროკურატურის გამჭვირვალობას უდავოს გახდის, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება:
„კანონის თანახმად, იქმნება საპროკურორო საბჭო, რომლის შემადგენლობაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შევლენ სამოქალაქო სექტორის მიერ განსაზღვრული პირები. მსგავსი პრეცედენტი საქათველოში არასდროს გვქონია. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სწორედ ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა, რომელიც პროკურატურის დამოუკიდებლობის, პროცესების გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მყარ გარანტიას იძლევა“. როგორც „პოზიციაში“ განმარტავენ, პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დღემდე პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევა რჩება. როგორც ადამაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული კანონი აღნიშნულის საფუძველსაც ანადგურებს: „საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული ცვლილებები სისტემის მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცულობის საფუძველს იძლევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავარი პროკურორი თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაინიშნება და აღნიშნულ პოზიციაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.“ „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელს მალე მოაწერს, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პროკურატურის სისტემის რეფორმირებასა და მთავარი პროკურორის ახალი წესით მოხსნა-დანიშვნას ითვალისწინებს.