მიხეილ გიორგაძე „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლებს
დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებს უმასპინძლებს. მიხეილ გიორგაძე ახალგაზრდა მუსიკოსებს სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსში წარმატებულ გამოსვლას პირადად მიულოცავს და 35 მოსწავლეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელს გადასცემს. შეხვედრას „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი დაასრულებს.
3-8 სექტემბერს „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა – ანნა ჭანიამ (ვიოლინო, მე-6 კლასი), დავით ხრიკულმა (ფორტეპიანო, მე-8 კლასი), მარიტა პატარაიამ (კლარნეტი, მე-6 კლასი), სერგო მარკოსიანმა (ფორტეპიანო მე-11 კლასი) და სანდრო სიდამონიძემ (ჩელო მე-12 კლასი), სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს აუგსბურგში, მოცარტის საერთაშორისო ფესტივალში „Mozart@augsburg 2015“. კონცერტს, სახელწოდებით „ამომავალი ვარსკვლავები“ დიდი წარმატება ხვდა წილად. სპეციალურად „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეების ჩასაწერად, ღონისძიებას ფრანგულ-გერმანული სახელოვნებო ტელევიაზია Arte-ს წარმომადგენელი დაესწრო. საკონცერტო გამოსვლა და ინტერვიუები Arte-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში მოხვდება. ანნა ჭანიას, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ და პერსპექტიულ მევიოლინეს, გერმანელმა ოსტატმა ვოლფგანგ იოჰან შტეგმულერმა საჩუქრად Wolfgang Stegmüller-ის ფირმის ახალი ვიოლინო გადასცა. „ნიჭიერთა ათწლედს“ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, კლასიკური მუსიკის განვითარების საქმეში, განსაკუთრებული მისია აკისრია. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. ამჟამად სკოლაში წარმატებით მოღვაწეობს 200-ზე მეტი პედაგოგი და 700-მდე ბავშვი.