„ლარის დევალვაცია დიდწილად საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის დევალვაცია საგარეო ფაქტორებთან არის დაკავშირებული და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა,- ამის შესახებ მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ჟორჟოლიანის თქმით, მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით ქვეყნის ინსტიტუტები მზად არ აღმოჩნდა, აქედან გამომდინარე, კანონმდებელი მიიჩნევს, რომ მეტი რეგულირება და კონტროლი საფინანსო ნაკადებზე და, ზოგადად, საბანკო საქმიანობაზე, ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია.
„ ლარის კურსის მაჩვენებელი დიდწილად საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული. რეგიონს რომ გადავხედოთ, ევრომ დოლართან მიმართებაში 20%-ით დევალვაცია განიცადა. ლარის კურსმა კი დაახლოებით 40%-ით. ბევრად მეტი დევალვაცია იყო ყაზახეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინაში, მოლდავეთში და ასე შემდეგ. ეს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებთან არის დაკავშირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ალბათ უფრო ეფექტური ღონისძიებებიც არსებობს. ამისთვის მზადყოფნა არ ჰქონდა ჩვენს ინსტიტუტებს. ამდენად, მგონია, რომ ეს აღარ გაგრძელდება მომავალში. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურს, მგონია, რომ მეტი რეგულირება და კონტროლი საფინანსო ნაკადებზე და ზოგადად საბანკო საქმიანობაზე, ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია. ძალიან ბევრი მოწინავე ქვეყანა ამ გზას დაადგა, განსაკუთრებით 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეს აუცილებელი ღონისძიებებია, რომლებიც ეფექტურად უნდა განხორციელდეს. ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მთლიანობაში ფინანსური სისტემის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები