პრემიერი ლარის კურსზე: ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ყველა ბერკეტს გამოიყენებენ და სიტუაციას გააკონტროლებენ

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით ყველა ბერკეტს გამოიყენებენ და სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
პრემიერმა საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნება ურჩია.
„ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ისინი ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტებსა და ბერკეტებს გამოიყენებენ და სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ. მთავარია ახლა ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. აღარ ავყვეთ აჟიოტაჟს და ემოციებს. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს მინდა მივმართო, რომ აქ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დაუშვებელია ეროვნულ ვალუტაზე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები