დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა

ბათუმში დღეს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015“ გაიხსნა, რომელსაც 15 ქვეყნის საინვესტიციო წრეების 250–ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან „ბათუმი 2015“–ის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობითი ფორუმის ჩატარებისთვის.
მინისტრის განცხადებით, აჭარა საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონია ტურიზმის თვალსაზრისით, რაც აუცილებლად საჭიროებს საინვესტიციო პროექტების განვითარებას, შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესებასა და მოძიებას.
„ჩვენ ყველა ფორუმს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, მიმდინარე ფორუმზე ჩვენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირებს შევთავაზებთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით გაგვაჩნია. ასევე დეტალურად იქნება განხილული დაფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხები და ის პოტენციალი, რომელიც აქვს როგორც აჭარის რეგიონს, ისე მთლიანად ქვეყანას”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში 189 ქვეყანას შორის მე–15 ადგილზეა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s Investors Service–მა კი საქართველოს სუვერენული რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარე ფაქტორებით წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, 2014 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება 2015 წელს, მთავრობა ამ მაჩვენებლის, მინიმუმ 2–პროცენტიან ზრდას ელის.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის საკითხზე. 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია. მთლიანი მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, საფინანსო და მრეწველობის სექტორებში.
მინისტრმა ასევე დიდი ყურადღება დაუთმო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის ტენდენციას. კერძოდ, 2015 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოს 4 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებლზე 6 %-ით მეტია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილე ინვესტორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამთავრობო ინიციატივამ, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორის მხარდაჭერაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ საერთაშორისო ფორუმების მნიშვნელობაზე, რომლებიც საქართველოში უნდა ჩატარდეს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 600–მდე წარმომადგენელი დაესწრება.
ფორუმის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები