თემურ ბასილია: ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკისა“ და „თი-ბი-სი“ ბანკის აქციები მკვეთრად დაეცა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „წარმატებული“ ქართული ბანკების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
ამერიკაში მყოფი თემურ ბასილია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „თი-ბი-სი“ ბანკის აქციების ღირებულება თითქმის განახევრდა და აქციების ღირებულება 45%-ით დაეცა, ხოლო „ საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება – 27%-ით.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „წარმატებული“ ქართული ბანკების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა. საქართველოში ბევრი საუბრობს საბანკო სექტორზე, როგორც წარმატებულ სფეროზე; თუმცა, სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გავაკეთებდეთ, ვნახოთ მათი საქმიანობის შედეგები ლონდონის ბირჟაზე. ამის საუკეთესო ინდიკატორია მათი აქციების ღირებულების ცვლილება. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული ბანკის – საქართველოს ბანკისა და „თი-ბი-სი“ ბანკის აქციებით ვაჭრობა ხდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე:
ა) „თი-ბი-სი“ ბანკის აქციების ღირებულება თითქმის განახევრდა. თუ, 2014 წლის სექტემბერში ამ აქციების ღირებულება 16.5 დოლარი იყო, 2015 წლის 17 სექტემბერს იგი მხოლოდ 9.38 დოლარს შეადგენდა; ანუ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში TBC ბანკის აქციების ღირებულება დაეცა 45%-ით.
ბ) „საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება დაეცა 27%-ით. თუ, 2014 წლის 28 ოქტომბერს ამ აქციების ღირებულება 2,568.00 დოლარს შეადგენდა, 2015 წლის 17 სექტემბერს იგი მხოლოდ 1,872.00 დოლარი იყო.
არა მგონია, რომელიმე საღ ჭკუაზე მყოფმა ეკონომისტმა კომპანიის აქციების ღირებულების 45%-იანი ან თუნდაც, 27%-იანი ვარდნა წარმატებად შეაფასოს.
ორი ძირითადი მიზეზია, რაც გავლენას ახდენს ამ ბანკების აქციების ღირებულებაზე:
1. საქართველოს საბანკო სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობა
2. თავად ამ ბანკებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა.
ინვესტორები მოქმედებენ პრაგმატულად: ისინი მხოლოდ იმ კომპანიების აქციებში დებენ ინვესტიციებს, სადაც იმედოვნებენ, რომ მიიღებენ მოგებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკისა“ და „თი-ბი-სი“ ბანკების აქციების ღირებულების მკვეთრი ვარდნა მიუთითებს ქართული ბანკების მიმართ ინვესტორების ნდობის შემცირებაზე. ქვემოთ თან დავურთავ ლინკებს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ორივე ქართული ბანკის მოღვაწეობის შედეგები ლონდონის ბირჟაზე“ ,- წერს თემურ ბასილია სოციალურ ქსელში.