რიმა ბერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე რიმა ბერაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაცია “მედიატორის” დამფუძნებელ ლევან ხაბეიშვილისგან საკრებულოს უმრავლესობის მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
ბერაძის თქმით, აპარატის თანამშომლებისთვის კანონიერი გზით გაცემული პრემიის თანხა 262 ათასი ლარი არ უდრის 500 ათას ლარს.
“გასაგებია, რომ ამ პიროვნებას აქვს მიზანი და ამოცანა, მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში და ცრუ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
ხაბეიშვილი განაწყენებულია, რადგან ის არ აირჩია სამგორის მოსახლეობამ და, შესაბამისად, დარჩა საკრებულოს მიღმა. ასევე გასაგებია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა არ იცის ელემენტარული არითმეტიკა და მინდა განვუმარტო, რომ ჩვენ მიერ აპარატის თანამშომლებისთვის კანონიერი გზით გაცემული პრემიის თანხა 262 ათასი ლარი არ უდრის 500 ათას ლარს.
ხაბეიშვილმა მაშინაც იცრუა, როდესაც ცილი დაგვწამა და საკრებულოს დეპუტატების დეკლარაციების გამოქვეყნებისას საზოგადოებას ისეთი სურათი დაუხატა, თითქოსდა, ჩვენ მილიონერები ვართ. მან ვითომდა არ იცის, რომ საკრებულოს დეპუტატების ქონება, რაც მათ დააგროვეს ან გადაეცათ მემკვიდრეობით წინაპრებისგან (მათ შორის ათეულობით წლების წინ), არ არის ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეძენილი”, – განაცხადა ბერაძემ.
მისივე თქმით, ეს ის ხაბეიშვილია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე და 2014 წლის მაისში – 300, ივნისში კი – 250 პროცენტიანი პრემია ჩაერიცხა.
“ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ მატყუარა ხაბეიშვილს განმარტებები მოვთხოვოთ, მაგრამ მივმართავ კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, დაგვისახელონ აპარატის რომელმა თანამშრომელმა, უმრავლესობის რომელ დეპუტატს გადასცა მის მიერ აღებული კუთვნილი პრემია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩვენმა კოლეგებმა საზოგადოებისა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების წინაშე საჯაროდ მოიხადონ ბოდიში თავიანთი აქტივისტის – ლევან ხაბეიშვილის ცილისწამებლური განცხადებების გამო, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.