18 სექტემბერს კამპანია – „დავასუფთაოთ საქართველო“ იწყება
„დავასუფთაოთ საქართველო“ – კამპანია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და სამი დღის განმავლობაში ქვემო ფონიჭალისა და კრწანისის ტერიტორიებზე გაგრძელდება. დასუფთავების მასშტაბურ აქციაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მონაწილეობა მიიღო.
2015 წელს მეექვსედ ტარდება „დავასუფთაოთ საქართველო“ – კამპანია, რომელიც საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს მოიცავს. დასუფთავების დღევანდელ აქციას თბილისის მერიის, თავდაცვის სამინისტროს, მყარი მართვის კომპანიის თანამშრომლები და მოხალისეები შემოუერთდნენ.
18-19-20 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის. კამპანიაში 134 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. წელს მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა – „ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა“.
აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ ტარდება პროექტის – ,,დავასუფთაოთ საქართველო -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფარგლებში, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.