დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტის ბიუროს სხდომიდან მიმართა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დასაბუთებულად და არგუმენტირებულად გაუმკლავდებიან ყველაფერს.
„ჩვენ უნდა დავამკვიდროთ იმ ტიპის სახელმწიფო და იმ ტიპის სახელმწიფოებრივი ცხოვრების კულტურა, როდესაც ვკამათობთ გადაწყვეტილებებამდე, მაგრამ როცა გადაწყვეტილება მიღებულია, იმ გადაწყვეტილების შესრულების უნარიც გვაქვს და ჩვევებიც.
მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არ არის, მაგრამ გარკვეულწილად ერთიან კომპლექსად მოიაზრება, ამიტომ ყველას სახელით მინდა მივმართო ყველა მოსამართლეს, რომელიც ამ ტიპის საქმეშია ჩართული, ან ხვალ და ზეგ იქნება ჩართული, რომ ჩვენ ამ მაღალი წოდების მინიჭებით მოსამართლეებისათვის, ვგულისხმობთ იმასაც, რომ ისინი გამოირჩევიან და იქნებიან გამორჩეულნი თავისი პრინციპულობით, გამძლეობით, თმენის უნარით, პროფესიონალიზმით და ა.შ. ამ კრიტერიუმების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგ ვინმეს მოეგვეწონება, თუ არ მოგვეწონება, ეს ჩვენი სუბიექტური ამბავია. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა წავა წინ.
მინდა ამ თემებზე დისკუსია იყოს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღებებიც და გადაწყვეტილების შემფასებლებიც გავუფრთხილდეთ სახელმწიფოს, სახელმწიფო სისტემას. არც ისეა საქმე, რომ ერთი და იგივე მოსამართლე ხან მოგვწონდეს, მაშინ, როცა ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, და მერე აღარ მოგვწონდეს, ხან ცაში აგვყავდეს და ხან… მოდი, ნურც გვეყვარება ნურავინ და ნურც შეგვძულდება. მივიღოთ მოცემულობად, რომ ეს საკითხები გადასაწყვეტია. ისე, როგორც, სხვათა შორის, როცა ჩვენ ვიღებთ კანონებს, ვის მოვწონვართ და ვის – არა, ეს ერთი თემაა, მაგრამ მიღებული კანონები შესასრულებელია“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები კარგი გაკვეთილი იქნება ყველასთვის.
„ამ თემამ ყველა დაგვაფიქრა გარკვეულ თემებზე და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი იქნება მომავლისთვის, რომ ის ამბები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარდა, აღარ ვიხილოთ. მაგალითად, როცა სასამართლოს მთელი შემადგენლობა უცებ მიდის საავადმყოფოში… მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, მათ აქვთ ჩვენი ნდობა, ისინი არიან ჩვენი არჩეულები, მათ აქვთ ეს ფუნქცია და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო სოლიდურად, უფრო დასაბუთებულად და არგუმენტირებულად გაუმკლავდებიან ყველაფერს, გადაწყვეტილებასაც, ვერ დათანხმებასაც, დათანხმებასაც და სასამართლო იმედი იქნება ყველასი”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.