დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილის ბიზენსმენებთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა და მასზე განიხილეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს მისი უწყების ხედვები და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სახელმწიფო ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის და ა.შ. არსებული მდგომარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გასულ კვირას ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა – მინისტრი გაეცნო ბიზნესმენთა პოზიციას ეკონომიკის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ რანგში ბიზნესმენებთან შეხვედრა. მე სხვადასხვა პოზიციებზე მუდმივი შეხვედრები მქონდა ბიზნესთან და მიმაჩნია, რომ ის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა და მხოლოდ გახსნილობა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეეცდება, ყველაზე წარმოსაჩენი უწყება იყოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ამასთან, მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორში არსებული განწყობები. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ციფრები, ერთი მხრივ, არის ძალიან დადებითი.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილების ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ღრმა კრიზისია, წლის ბოლოსთვის ჩვენ 2-დან 3 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა გვექნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი, 380 მილიონ დოლარზე მეტი განხორციელებულია წარმოებაში.
ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში ჩვენ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მეტად ეფექტური. მინდა, ყველას მოგიწოდოდთ რომ შეგრძნებები, რომლებზეც ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, სწორად ვმართოთ. სწორ ეკონომიკურ ტრენდზე ვართ და ამას სჭირდება სწორი მხარდაჭერა”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები