საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი: ხალხი დაინახავს, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის

„ლარის კურსის გაუფასურებაზე დღეს ძირითად გავლენას უარყოფითი მოლოდინი ახდენს. ხალხი დაინახავს და დარწმუნდება, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ “თბილისი მარიოტში” იმ დისკუსიის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე ეროვნული ვალუტის დევალვაციის გავლენას ეხება. როგორც ბაქრაძემ განმარტა, საგარეო შოკი კურსზე აისახა, ახლა პრობლემაა სწორედ უარყოფითი მოლოდინი და ზოგიერთი ვაი-ექსპერტის გამოსვლები, რომ კურსი გაუფასურდება.
ეროვნული ბანკის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ლარის კურსზე ძალიან მოქმედებს.
“ჩვენ ვთვლით, რომ საგარეო შოკი კურსზე იყო და არის ასახული, ახლა პრობლემაა მოლოდინი და გარკვეულწილად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის გამოსვლები, რომ აი, გაუფასურდება და ა.შ. ეს ძალიან მოქმედებს. დღეს კურსის დინამიკაზე ძირითად გავლენას ახდენს მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინი და, პირველ რიგში, საჭიროა ამ უარყოფითი მოლოდინის შერბილება. ისევ და ისევ ნაკლებად უნდა დაუჯერონ ზოგიერთ ექსპერტს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
კითხვაზე, უნდა გამკაცრდეს თუ არა მონეტარული პოლიტიკა, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, მალე გაიმართება მონეტარული პოლიტიკის სხდომა და მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
“ვთვლი, რომ თუ უარყოფითი მოლოდინი ჩაცხრა, ხალხი დაინახავს და დარწმუნდება, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის. მგონია, სიტუაცია კურსთან დაკავშირებით უნდა დაწყნარდეს. დღეს ძირითადი გავლენა ლარის კურსზე მოდის მოლოდინისგან”, – განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ იყო საგარეო შოკი, რომელიც, ზოგადად, რეგიონისთვის სერიოზული დარტყმა გახლდათ. თუმცა იმპორტი შემცირდა და ეს ყველაფერი კურსზე უკვე ასახულია. ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღეს ძირითადი პრობლემა არის უარყოფითი მოლოდინი.
რაც შეეხება რეფინანსირების სესხებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რეფინანსირების სესხი ფულის მასაზე გავლენას არ ახდენს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი ინტერვენციების განხორციელებას, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ვერაფერს იტყვის.
“არ მგონია, რომ ინტერვენციებს ჰქონდეს ახლა აზრი, იმის გამო, რომ დღევანდელი კურსის დინამიკა არის უარყოფითი მოლოდინის შედეგი, ინტერვენციებს უბრალოდ გადამწყვეტი როლი არ ექნება”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია არის. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებიც გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს არის მოლოდინების ამბავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები