დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ შევეცდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმოსაჩენი უწყება ვიყოთ

„ჩემი უწყების სახელით შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების ნაწილში, ჩვენ შევეცდებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმოსაჩენი უწყება ვიყოთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესისთვის მთავრობისგან უფრო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საკითხს შეეხებოდა.
„რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, ჩემი უწყების სახელით შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების ნაწილში, ჩვენ შევეცდებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმოსაჩენი უწყება ვიყოთ. რაც შეეხება ბიზნესგარემოს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის განწყობები, რომელიც დღეს ბიზნესს გააჩნია. ციფრები არის, ერთი მხრივ, ძალიან დადებითი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ წინა წელთან შედარებით, გვაქვს სამუშაო ადგილების ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის საკმაოდ ღრმა კრიზისი, ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება, სავარაუდოდ, 2-დან 3 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ განვაცხადეთ და, შესაბამისად, ყველაზე დიდი წილი – 380 მილიონ დოლარზე მეტი განხორციელებულია წარმოებაში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში სწორად მუშაობენ. ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მეტად ეფექტური.
“ამავე დროს, მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ შეგრძნებები, რომლებზეც ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, სწორად ვმართოთ. სწორ ეკონომიკურ ტრენდზე ვართ და ამას სჭირდება სწორი მხარდაჭერა”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები