უნგრეთმა ლტოლვილებისთვის საზღვარი ჩაკეტა (ვიდეო)
ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ლტოლვილების კრიზისი, სავარაუდოდ, ახალ ფაზაში გადადის. უნგრეთმა, რომელიც ამ ადამიანებისთვის ძირითადი ტრანზიტული ტერიტორიაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე, საკუთარ ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე ოფიციალური შეზღუდვები დააწესა. 15 სექტემბრიდან სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე საფეხმავლო სასაზღვრო გადასასვლელი „ხორგოშ-2“ დაიხურა. ამასთან ერთად, უნგრეთის პოლიციამ სერბეთის ქალაქ ხორგოშსა და უნგრეთის დასახლება რიოსკეს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. ამ რაიონში რკინიგზაზე ბოლო დღეებში უამრავი ადამიანი გადაადგილდებოდა.
უნგრეთმა სერბეთის საზღვარზე ყოველ 35 მეტრში პოლიციელები ან სამხედროები დააყენა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნებისმიერი მსურველის გაძევების ბრძანება მიიღეს.
გარდა ამისა, უნგრეთმა საკანონდებლო ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვით საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც აქამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო, ახლა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
თავის მხრივ, სერბეთი ლტოლვილების უკან მიღებას არ აპირებს.
უნგრეთის ხელისუფლების ამ ქმედებებს უკვე მოჰყვა ადამიანის უფლებების დამცველთა პროტესტი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ის ევროკავშირის წესდებას ეწინააღმდეგება და ლტოლვილების უფლებებს არღვევს.
მაგრამ უნგრეთის ხელისუფლება ამ შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევს. ქვეყანამ, რომელმაც ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირის რეალური დახმარება ვერ მიიღო და, რომელმაც ათიათასობით ლტოლვილი მიიღო, დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა.