ბრაზილიაში საქართველოს ელჩმა ტრინიდადი და ტობაგოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ენტონი ტომას აკინას კარმონას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებზე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და ხალხთაშორისი კავშირების გამყარებას.
ენტონი კარმონამ ოთარ ბერძენიშვილს, როგორც საქართველოს პირველ ელჩს, წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკამ ხსენებული აკრედიტაციით კიდევ ერთი მეგობარი ქვეყანა შეიძინა ევროპიდან.
ქ. პორტ-ოვ-სპეინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა და კარიბის ქვეყნების გაერთიანების საკითხებში მუდმივ მდივანთან ფრანსის სიგნორეტთან და ამავე სამინისტროს ევროპული და მრავალმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან.