საქართველოს დელეგაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც ვენის საერთაშორისო ცენტრში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 59-ე გენერალური კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გენერალური კონფერენციის სესიების პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის ევროპის რეგიონის დირექტორთან მარტინ კრაუზესთან, გარანტიების დეპარტამენტის, ბირთვული ენერგიის დეპარტამენტის, სააგენტოს ინციდენტების და ავარიების ცენტრის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის, რადიაციული, ტრანსპორტისა და ნარჩენების უსაფრთხოების სექციისა და კიბოს თერაპიის ქმედებათა პროგრამის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონვენციებით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ტექნიკური თანამშრომლობის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.
გენერალური კონფერენციის ფორმატში საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების დირექტორატის B5 დეპარტამენტის და შვედეთის ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სახელმწიფო სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს.
კონფერენცია მიმდინარე წლის 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები