“ევროპა” არ არის მხოლოდ გზა, რასაც უნდა გაჰყვე, ეს არის გზა, საითაც მივემართებით”

ახალი თაობა, 20 წლის ასაკის ახალგაზრდები აღარ აღწერენ საკუთარ თავს “პოსტკომუნისტური” ტერმინის გამოყენებით, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე ლიტვურ გამოცემა Delfi-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში აღნიშნავს.
მისივე თქმით, საქართველოს ახალმა თაობამ არაფერი იცის სხვა, გარდა დასავლეთზე ორიენტირებული საქართველოსი.
“დღეს ახალი თაობა, 20 წლის ასაკის ახალგაზრდები აღარ აღწერენ საკუთარ თავს “პოსტ”, იგივე “პოსტსაბჭოთა”, “პოსტკომუნისტური” ტერმინის გამოყენებით. ამ თაობისთვის მეწარმეობა, დამოუკიდებლობა, სწავლა, მოგზაურობა, არჩევნები, ხმის მიცემა, სიტყვის თავისუფლება და სხვა სიტყვებით “ევროპა” არ არის მხოლოდ გზა, რასაც უნდა გაჰყვე. ეს არის გზა, საითაც მივემართებით. საქართველომ მიაღწია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას პირველად 2012 წელს”, – წერს დავით ბაქრაძე.

მისივე თქმით, საქართველო არის ხიდი დიდ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, დიდ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას შორის.
“საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი ჩვეულებრივ ფასდება იმით, თუ სად მდებარეობს იგი. ამ კუთხით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საკუთარი მნიშვნელობის უნიკალური მოთხოვნა აქვთ. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, თბილისს ენერგეტიკის და ლოჯისტიკური კუთხით მულტირეგიონული მნიშვნელობა აქვს. საქართველო არის ხიდი დიდ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, დიდ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას შორის”, – აღნიშნავს ბაქრაძე.
მისივე თქმით, იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, საქართველოს ყველაზე კარგი ეკონომიკა აქვს, ის ასევე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია და ყველაზე სტაბილური პოლიტიკურად.

ამასთან, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ნატოსა და საქართველოს შორის კავშირების მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ვარშავაში მაპია. ბაქრაძე წერს, რომ ვარშავის სამიტი საქართველოში არჩევნების ერთგვარი შესავალი იქნება.
“მაპი არის ერთგვარი თავის დაქნევა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროექტი კვლავ ნარჩუნდება. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისა და მთლიანად ევროპისთვის. საქართველოს უსაფრთხოება დამოუკიდებულია როგორც ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირების განვითარებაზე”, – წერს დავით ბაქრაძე ლიტვური გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები