შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 24,449 კრედიტია გაცემული, რაშიც 613,448,515 ლარი დაიხარჯა

 

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სულ 24,449 კრედიტია გაცემული, გაცემული თანხის რაოდენობა კი 613,448,515 ლარს და 153,160,086 აშშ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ მთავრობის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს გუშინ გადაეგზავნა.

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელებით მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სულ გაცემულია 24,449 კრედიტი, გაცემული თანხის რაოდენობა შეადგენს 613,448,515 ლარს და 153,160,086 აშშ დოლარს.

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 26 პროექტი, ჯამური თანხა შეადგენს 17,272,903 აშშ დოლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს – 6,362,670 აშშ დოლარს.

2014-2015 წლებში სულ თანადაფინანსების სახით გაცემულია 2,344,127 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

შეღავათიანი აგროკრედიტისა და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში დაფინანსებულია 132 ახალი საწარმო.

2014-2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამით ჯამში გაცემულია 25,626 ცალი პოლისი. დაზღვეულ იქნა 182,042,271 მილიონ ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა და 22,397 ჰა-მდე მიწის ფართობი. სუბსიდირების თანხა შეადგენს 13,181,035 ლარს.

2014 წელს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 800 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო 70 მლნ ლარის სარგებელი.

2014 წელს პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 220,466 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის რაოდენობამ 56,859,762 ლარი შეადგინა.

2015 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით პროექტის ფარგლებში მოხნულია 202,576 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ბენეფიციარების მიერ მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 44,032,584 ლარი.

პროექტის – “დანერგე მომავალი” პირველ ეტაპზე დამტკიცებულია 14 პროექტი. გაშენებულია 89.63 ჰა ინტენსიური ტიპის ბაღი.

დამტკიცებულ პროექტებზე სახელმწიფო დაფინანსება ნერგებზე შეადგენს 402,654 ლარს და სარწყავ სისტემაზე 173,236 ლარს.

ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ შეადგინა 43,376 ტონა, ხოლო სუბსიდიის თანხამ 3,470,134 ლარი.

სამრეწველო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესყიდული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ 10,358 ტონა, ხოლო სუბსიდიის თანხამ – 1,035,810 ლარი შეადგინა.

2015 წლის 31 აგივსტოს მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 1141 კოოპერატივს. 2014–2015 წლებში განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 544 კოოპერატივი დაკმაყოფილდა 1406 აგროკომპლექტითა და დამატებით 217 ხელით სათესით.

სურსათის უვნებელობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ღონისძიებები განხორციელდა. 2015 წლის იანვრიდან გამკაცრდა ღვინის კონტროლი. 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”. 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა თაფლის ტექნიკური რეგლამენტი. 2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა რძის ტექნიკური რეგლამენტი.

ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებებზე (ჯილეხი, თურქული, ცოფი, ყვავილი, ნოდურალური დერმატიტი); ცხოველთა ჯანმრთელობის ეფექტური კონტროლის მიზნით, მიმდინარეობს ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ცხოველების ნიშანდებას და ინდივიდუალური კოდის მინიჭებას. აქტიურად გრძელდება ვეტერინარული პრეპარატების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი.

ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის – ვენახების კადასტრის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. ხორციელდება ღვინის ხარისხის სისტემატური კონტროლი. შემუშავდა ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია.

2014 წელს დაიწყო სამელიორაციო ინფრსატრუქტურის 35 სარეაბილიტაციო პროექტი. გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 895 კმ სარწყავი არხი და 207 კმ სადრენაჟო არხი, შეკეთდა და/ან შეიცვალა ახლით 1 400 ერთეული ჰიდროტექნიკური ნაგებობა. გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ტექნიკის პარკს დაემატა 44 ერთეული. 2015 წელს დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 24 პროექტი. დღეისათვის მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 25 პროექტი”, – ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

მთავრობის ანგარიში პარლამენტში 11 სექტემბერს შევიდა. დოკუმენტი 90-გვერდიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები