ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას Multiplex-ი თანამედროვე ტექნოლოგიებით გეგმავს

„ახალი თაობა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბათუმში უახლესი ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება. პროექტის ავტორად კი კომპანია Multiplex-ი დასახელდა.
როგორც „ახალი თაობა“ წერს, ეს ინფორმაცია უკვე დადასტურდა და ახალი დეტალებიც გამოიკვეთა.
„დავიწყოთ იმით, რომ კომპანია Multiplex -ი ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა, როდესაც განხორციელდა თბილისის წყლის პრივატიზაცია და დღემდე „ჯორჯიან უოთერ ფაუერში“ განხორციელებულია 200 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია. 2011 წელს კომპანიამ აშშ სახელმწიფო განვითარების საინვესტიციო ინსტიტუტთან (OPIC) ერთად განახორციელა სამაცივრე მეურნეობების პროექტი, კერძოდ, ფოთში 15000 ტონა მოცულობის და თბილისში 5000 ტონა მოცულობის. Multiplex-ს მძლავრი საკუთარი ინფრასტრუქტურა გააჩნია, რომლის საშუალებით ახორციელებს სატრანსპორტო-საჰაერო-საზღვაო-სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით. კომპანია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახორციელებს ბაქოს ჰოვსანის პორტის და ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საკონტეინერო ტერმინალის „კასპიან გლობალის“ ოპერირებას. საკუთრებაში გააჩნია კონტეინერმზიდი გემი. „მულტიპლექს ჯგუფის“ სახელი დაკავშირებულია აგრეთვე ჩინურ-ყაზახური „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტთანაც, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი გახდება და „მულტიპლექსი“ აქტურად არის ჩართული ამ პროექტის ტრანსკასპიური მიმართულების დერეფნის განვითარებაში. კომპანია Multiplex-ის სახელი ასევე უკავშირდება საქართველოში უმსხვილესი ფრანგული კომპანიების Vinci-სა და Veritas-ის წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას“, – წერს ახალი თაობა.
„ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია მედიას დაუდასტურა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ბიზნესმენმა გია შავდიამ, რომელიც წლების განმავლობაში შვეიცარიაში ცხოვრობდა. გამოცემასთან ინტერვიუში შავდია აცხადებს, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, შესაძელებელი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე ფიქრი.მისმა კომპანია New Art Way-მ კომპანია Multiplex -თან ერთად, დეტალურად შეისწავლეს საქართველოს შავი ზღვისპირეთის ინფრასტრუქტურა და საქართველოს მთავრობას წარუდგინეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საშუალო ზომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. პროექტში მათთან ერთად ჩართული იქნებიან მსხვილი ევროპული საინვესტიციო ჯგუფები. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მათ მთავარ პრიორიტეტს ევროპული სტანდარტის პროდუქციის წარმოება და ეკოლოგიური ნორმების დაცვა წარმოადგენს, პროექტი კი ინოვაციური იქნება.
შავდიას განცხადებით, ისინი ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განახორციელებენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, იზრუნებენ არა მარტო ეკოლოგიაზე, არამედ ბათუმის ვიზუალურ მხარეზეც.
„იმისათვის, რომ ქარხანამ ვიზუალურად არ დაამახინჯოს ქალაქის ხედი, ქარხნის დანადგარების თითქმის მთელი ნაწილი იქნება დახრილი – ანუ გათვლილი იქნება კოლონებზე, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 12 მეტრს. აქედან გამომდინარე, არც ზღვიდან, არც ქალაქიდან და არც ავტოსტრადიდან ქარხანა არ გამოჩნდება. ქარხნის საცავები აღჭურვილი იქნება „მცურავი სახურავებით“ და „სპეციალური დამჭერებით“, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს აირებისა და ნავთობის სუნის გავრცელებას ატმოსფეროში. სწორედ ამ სისტემას იყენებს BP სუფსის ტერმინალზე. აგრეთვე აშენდება სპეციალური ხმაურდამცავი ნაგებობები. მოკლედ რომ ვთქვათ, ქარხანა აღჭურვილი იქნება დღეისათვის არსებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგიით“,- აცხადებს ბიზნესმენი.
ბიზნესმენის ინფორმაციით, ქარხანაში ინვესტირება ორ ეტაპად განხორციელდება. „საწარმოში დასაქმდება 200-მდე ადამიანი და ქვეყნის ბიუჯეტიც მიიღებს სოლიდურ სარგებელს. ჩვენ ვაპირებთ 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას საწარმოში, დაახლოებით 18 თვეში მის დასრულებას და წელიწადში 2 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, შესაძლებელი გახდება მეორე ეტაპის ამუშავებაც – წარმადობის გაზრდა, რომელიც ასევე დამატებით 150-200 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ეკოლოგიის საკითხებში ერთ-ერთ წამყვან კომპანია „გამასთან“, რომელმაც თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოთქვა მზადყოფნა სრული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამოდენიმე წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან სრული ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად“,-აცხადებს გია შავდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები