ისრაელის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით ხვალ თბილისში რამდენიმე პროექტი იწყება
ხვალ თბილისს ისრაელის ოფიციალური დელეგაცია ეწვევა.
დელეგაცია თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით ჩამოდის და დაგეგმილია მათი მონაწილეობა სამი მრავალმილიონიანი პროექტის დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაში.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი და სამი დეპუტატი, ბიზნესმენები და წამყვანი მედიის 30 წარმომადგენელი.
როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში აცხადებენ, ისრაელის დელეგაციის სტუმრობა არის ცოტა ხნის წინათ, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით თბილისის მერის მიერ იერუსალიმში მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების საპასუხო ვიზიტი.
სწორედ ამ ვიზიტისას გადაწყდა ისრაელური ინვესტიციით რამდენიმე მრავალმმილიონიანი პროექტის განხორციელება თბილისში.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს შეფასებით, თბილისის მერის ისრაელში ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა, თავდაუზოგავი მუშაობით შესაძლებელია ინვესტიციის მოზიდვა. 8 სექტემბერს ისრაელის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი კი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში თვისობრივად ახალი ფორმატის – პირდაპირი კავშირების დასაწყისია, რომლის დამკვიდრებაზეც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მუშაობს. 8 სექტემბერს, 12:00 საათზე ისრაელის დელეგაცია თბილისის მერთან, დავით ნარმანიასათან ერთად დაესწრება თბილისში ისრაელური ინვესტიციით ბუტიკ სასტუმრო „გერგეთის“ საფუძვლის ჩაყრას (გერგეთის ქუჩა), შემდეგ კი კიდევ ორი ბიზნეს პროექტის დაწყებაში მიიღებს მონაწილეობას.
ხვალვე, 16:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე, საქართველო- ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრები თბილისში „ისრაელის სახლის“ ახალი ოფისის გახსნას დაესწრებიან.
მხარეები ასევე დაესწრებიან 13 ივნისს თბილისში სტიქიით დაზარალებული ორი ოჯახისთვის საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ შეძენილი ბინებისა და შშმ ბავშვისათვის ისრაელიდან ჩამოტანილი ელექტროეტლის გადაცემის ცერემონიალს, ქართველი მომღერლის, ქრისტი ჯაფარიძის ებრაული დისკის პრეზენტაციას, ისრაელური ინვესტიციით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რიქსოსის“ მშენებლობის ბოლო ეტაპის თანადაფინანსების ხელმოწერას „საქართველოს ბანკთან“ ერთად, საქართველოში Hi-Tech-ის პირველი ისრაელური ექსელერატორის პროექტის წარდგენას, იერუსალიმში თბილისის მერის ვიზიტის შეჯამებას და დისკუსიას თემაზე: „პრესის როლი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში“.
9 სექტემბერს, ისრაელის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მცხეთაში უმასპინძლებს და ისრაელის მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან ქართულ მედიას.