“თელასის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზამთარში გრაფიკი მოსალოდნელი არ არის

დღეს დადგენილი ტარიფი არის მინიმუმი, რაც საშუალებას მოგვცემს, ზამთარი ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე გადავიტანოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია “თელასის” კომერციული დირექტორის მოადგილემ, მიშა ანთაძემ განუცხადა.
კითხვაზე, ხომ არ ელოდება დედაქალაქის მოსახლეობას გრაფიკი, “თელასის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გრაფიკს არ უნდა ველოდოთ. “ჩვენ საბოლოო ანალიზი და შეფასება არ გაგვიკეთებია, რადგან რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ საბოლოო ტარიფები, მაგრამ შესყიდვის ტარიფის კომპონენტის შემოთავაზებული ვარიანტი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს არის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, ზამთარი ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე გადავიტანოთ. რაც შეეხება “თელასის” წილის შემცირებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კომპანიისთვის სერიოზული პრობლემაა. გავაანალიზებთ სიტუაციას, გავაგრძელებთ მუშაობას მარეგულირებელ კომისიასთან და გამოვთქვამთ იმედს, რომ საბოლოო ჯამში იმ შედეგს მივიღებთ, რაც ჩვენთვისაც, კომისიისთვისაც და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა მიშა ანთაძემ.
მისივე თქმით, დენის ახალი ტარიფი გამოქვეყნებიდან ამოქმედდება და ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრამდე. რაც შეეხება იმას, კვლავ გეგმავს თუ არა კომპანია “თელასი” სატარიფო განაცხადით მიმართოს სემეკს, მიშა ანთაძემ განაცხადა, რომ თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ვალუტის კურსი შეიცვალა, შეიცვალა ხარჯების შემადგენელი ნაწილები, გამორიცხული არაა, რომ სემეკმა სემეკს კვლავ მიმართოს. ცნობისთვის, დღეს სემეკმა თბილისისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ახალი ტარიფი დაადგინა. ტარიფი გაიზარდა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, “თელასმა” კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები