დედაქალაქისთვის დენის ახალი ტარიფი სემეკის დადგენილების გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური თითქმის 5 თეთრზე მეტით გაიზარდა, შესაბამისად, ეს კომპანია „თელასის“ ტარიფში აუცილებლად უნდა ასახულიყო, სხვა შემთხვევაში „თელასი“ ელექტროენერგიის შესყიდვას უბრალოდ ვერ შეძლებდა.
მისივე თქმით, დღეს კომისიამ პრაქტიკულად ექვსი ახალი ტარიფი დაადგინა და საშუალო ზრდა 2,5 თეთრს შეადგენს.
სემეკის თავმჯდომარემ კომპანია “თელასის” წარმომადგენლის განცხადებასაც უპასუხა, რომლის თანახმადაც თუ კომისია მათ მიერ მოთხოვნილ ტარიფს არ დაადგენს, ამის გამო შესაძლოა, თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდეთ.
„ესაა ბუნებრივი პროცესი, როცა კომპანიას უფრო მეტის მოთხოვნა აქვს, ხოლო კომისია იმისთvის არსებობს, რომ ხარჯების აუდიტი მოახდინოს, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ჩვენმა დეპარტამენტმა იმუშავა და ანალიზი გააკეთა. ხელფასების ნაწილში გავითვალისწინეთ ფაქტობრივი სახელფასო ფონდი, რაც არის კომისიაში. ასევე გავითვალისწინეთ მასტიმულირებელი ფონდი. რაღაც ნაწილი მართლა არ გავითვალისწინეთ, მაგრამ კომპანიას რჩება მოგება, მას შეეძლება, თავისი შეხედულებისამებრ გასცეს ეს თანხები, იქნება ეს პრემია, წახალისება, თუ სხვა და ამაში კომისია ვერ ჩაერევა“, – განაცხადა მილორავამ.
ცნობისთვის, დღეს სემეკმა თბილისისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ახალი ტარიფი დაადგინა. ტარიფი გაიზარდა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის.
ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, “თელასმა” კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები