ირაკლი ღარიბაშვილი: ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია და მისი დაარსება ნათლად წარმოაჩენს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივად გახსნეს.

მთავრობის მეთაურმა ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. „ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ცენტრის დაარსებას საქართველოსთვის აქვს კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვა – ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ცენტრი ამ ეტაპის წარმატებით დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობის ეს ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსითა და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, წლების განმავლობაში, ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო სრულად აცნობიერებს გლობალური ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეს და შესაბამისად, ცენტრის დაფუძნება არის საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

“მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს და ინტენსიურ დიალოგს ნატოსთან, ევროკავშირთან, დასავლელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან, მშვიდობიან და თავისუფალ ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ცენტრის დაარსებაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს, ნატოს საერთაშორისო სამსახურს და წევრ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები