თსუ-ს რექტორთან შეხვედრაზე კონკურსის „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ შედეგები შეაჯამეს- ვიდეო
თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურს „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება“-სთან დაკავშირებით თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე იოსებ სალუქვაძე, ცნობილი ფრანგი არქიტექტორი, „გრანდ პარიზის“ ერთ-ერთი ავტორი ალფრედ პეტერი, მსხვილი გერმანული ქალაქგეგმარებითი კომპანიის „Albert Speer & Partner GmbH“ დირექტორთა საბჭოს წევრი იოაჰიმ შარესი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანადამფუძნებლები მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა კონკურსთან დაკავშირებით მიმდინარე და განსახორციელებელი საკითხები განიხილეს. ასევე შეჯამდა კონკურსის გამოცხადებიდან დღემდე მიღწეული შედეგები.
დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე 27 აგვისტოს დაგეგმილ პრეზენტაციაზეც, სადაც იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქი“, ჟიურის საკონკურსოდ შემუშავებული ხედვის ძირითად ასპექტებსა და პრინციპებს გააცნობს.
„ვფიქრობ, მეტად ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, სადაც კიდევ ერთხელ შეჯერდა ჩვენი და ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეხედულებები და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდგომ, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, არქიტექტურის დოქტორმა მამუკა სალუქვაძემ, რომელმაც აღნიშნული კონკურსი ქალაქისთვის მნიშვნელოვნად შეაფასა.
კონკურსის შედეგები კი 14 სექტემბერს გახდება ცნობილი.