გოგა რაზმაძე: ვთვლი, რომ ამ პოსტზე ბევრი საქმის გაკეთება შემიძლია, ბევრი რამის შეცვლა სასიკეთოდ

გაზეთი “ალია“ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან გოგა რაზმაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი ინტერესდება, რატომ დაანება თავი გოგა რაზმაძემ თავის დროზე გამომძიებლის საქმიანობას:

“ბატონო გოგა, სანამ თქვენთან სასაუბროდ მოვიდოდი, გავიკითხე და მითხრეს, საკმაოდ კარგი გამომძიებელი იყოო და ეს არაერთმა თქვენმა ყოფილმა კოლეგამ დამიდასტურა, ეჭვმიტანილთა, თუ ბრალდებულთა ასალაპარაკებლად არასდროს იყენებდა რაიმე სახის ზეწოლას და საქმეებს ისე ხსნიდაო. რატომ დაანებეთ თავი გამოძიებას?“ – კითხულობს ჟურნალისტი.

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ გოგა რაზმაძე გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. მისი თქმით, მაშინ ახალი შესაძლებლობების ძიებამ გადააწყვეტინა, რომ ადვოკატურაში წასულიყო.

“საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე გამომძიებლად მუშაობის დროს და ძალიან ვაფასებ იმ საქმეს და ადამიანებს, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი. ალალად გეტყვით, იმ ეტაპზე და იმ ადგილას ამოვწურე ჩემი რესურსი. ახალი შესაძლებლობების ძიებამ გადამაწყვეტინა, რომ ადვოკატურაში წავსულიყავი. ადვოკატურაში მუშაობის შემდეგ კარიერა ისევ პოლიციაში გავაგრძელე. ცხადია, გამომძიებელი აღარ ვიყავი, უკვე ოპერატიული კუთხით დავიწყე მუშაობა და ესეც საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის“, – აღნიშნავს გოგა რაზმაძე.

ჟურნალისტი ინტერესდება, სად მოღვაწეობდა რაზმაძე “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ადვოკატურაში მუშაობდა.

“ადვოკატურაში. მთელი ეს პერიოდი, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, ხალხის უფლებებს ვიცავდი“, – აღნიშნავს რაზმაძე.

“თუ სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდით, მისგან დევნილ და უსამართოლოდ დაჩაგრულ ადამიანებს იცავდით, ლოგიკურია, რომ რეჟიმის სუსხი თქვენც შეგხებოდათ? თუ გვერდი აგიარათ? “ -კითხულობს ჟურნალისტი.

რაზმაძის თქმით, იმ პერიოდში იყო შემთხვევა, როცა ნაცნობმა პროკურორმა უთხრა, რომ მის დაჭერას აპირებდნენ.

“სიმართლე გითხრათ, ადვოკატი ამისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერ დროს. შსს–სტრუქტურებში მყავდნენ უბრალო მეგობრებიც, რომელთაც დიდი გავლენა არ ჰქონდათ, თუმცა არაერთხელ ამარიდეს საფრთხე. მეც შევიძინე საჭირო თვისებები საიმისოდ, რომ საფრთხეს ავრიდებოდი, პროვოკაციებს არ წამოვგებოდი. ერთხელ, საქალაქო სასამართლოში უნდა ამეღო განაჩენი, ნაცნობი პროკურური შემხვდა და მითხრა, შენს დაჭერას აპირებენ და გაფრთხილდიო“, – აღნიშნავს რაზმაძე.

გოგა რაზმაძე 2012 წელს ადვოკატურიდან წასვლის მიზეზებზეც საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში მომხდარმა სახელისუფლებო ცვლილებებმა გადააწყვეტინა, რომ დრო და ენერგია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და განვითარებისთვის გამოეყენებინა.

“ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ქვეყანაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ჩავთვალე, რომ ჩემი დრო და ენერგია უკვე შემეძლო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და განვითარებაში გამომეყენებინა. დასრულდა დრო, როდესაც გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი სასამართლოებში 0.01% იყო. ეს უმცირესი წვლილიც იმიტომ, რომ ერთეული საქმეები მე და ჩემმა კოლეგა ადვოკატებმა დიდი ძალისხმევით მოვიგეთ იმ პერიოდში“, – აცხადებს გოგა რაზმაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე: ამბობენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო სამსახურში გიორგი მღებრიშვილის დამსახურებით მოხვდით. საიდან იცნობთ მას?, -გოგა რაზმაძე ვრცელ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების დროს, პროკურატურაში ანუ, სახელმწიფო სამსახურში გიორგი მღებრიშვილის დახმარების გარეშე დაიწყო მუშაობა.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ისპექციის უფროსის მოადგილედ 2015 წლის თებერვალში გადავიდა და ეს სამსახური სწორედ გიორგი მღებრიშვილმა შესთავაზა.

“ადვოკატი არჩილ კბილაშვილი რომ დაინიშნა ქვეყნის მთავარ პროკურორად, მიმიწვიეს პროკურატურაში და სამსახური შემომთავაზეს. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავიწყე გამომძიებლად მუშაობა. 2013 წლის მარტში პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გადავედი. ასე რომ, ახალი ხელისუფლების დროს, პროკურატურაში ანუ, სახელმწიფო სამსახურში გიორგი მღებრიშვილის დახმარების გარეშე დავიწყე მუშაობა. 2015 წლის თებერვალში გადავედი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ისპექციის უფროსის მოადგილედ და ეს სამსახური სწორედ გიორგი მღებრიშვილმა შემომთავაზა.11938106_402300689976120_532573203_n შესაძლოა, ეს მითქმა-მოთქმაც ამას უკავშირდება. მასთან პროფესიული ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს, ამას არც ვმალავ და ვერც დავმალავ. 1997–2000 წლებში, საბურთალოს რაიონის პოლიციაშიც ერთად ვმუშაობდით, ბატონი გიორგიც გამომძიებელი იყო, ერთმანეთს ხშირად დავხმარებივართ, ძალიან კარგი გამომძიებელი და კოლეგა იყო და საუკეთესო, უღალატო მეგობარი. მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თანამშრომლებს მხოლოდ მეგობრობის ნიშნით არ არჩევს, მით უფრო, თანამდებობის პირებს. თუ ადამიანი პროფესიონალი არ არის, საქმე არ იცის და ამ საქმისთვის არ არის თავის გადამდები, მას არ ანდობს თანამდებობას. ამას გულწრფელად გეუბნებით და არა იმიტომ, რომ ჩემი უფროსი შევაქო. ასეთი კაცია და მორჩა“,-აღნიშნავს გოგა რაზმაძე.

რაზმაძის თქმით, მას არც “ქართულ ოცნებაში“ და არც სხვა პოლიტიკურ პარტიაში ლობისტი არ ჰყავს.

“არანაირი ლობისტი არ მყავს არც „ქართულ ოცნებაში“ და არც სხვა პოლიტიკურ პარტიაში. მიხვიდე კაცთან, სამსახური სთხოვო, ვიღაცასთაან დაარეკინო… ეს არ არის ჩემი სტილი. ხომ მოგიყევით, რამდენი სამსახური გამოვიცვალე და არასდროს არ მივსულვარ და არ მითხოვია სამსახური“,-აცხადებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი“.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე თანხმობა გააზრებულად განაცხადა.

“ვიფიქრე და ისე გადავწყვიტე . ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ვიდრე ყველაფერი არ ავწონ–დავწონე, მანამდე თანხმობა არ ვუთხარი. ვთვლი, რომ ამ პოსტზე ბევრი საქმის გაკეთება შემიძლია, ბევრი რამის შეცვლა სასიკეთოდ. რას და როგორ შევცვლი, ამას თავად შეაფასებს საზოგადოება“, – აცხადებს რაზმაძე.

გოგა რაზმაძე ინტერვიუში ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებსაც ეხმაურება. ჟურნალისტი ინტერესდება, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 2000 წელს, პოლიციის იმჟამინდელი მაღალჩინოსნის, დავით გელაძის შვილის მკლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ძიებამ მკლელობაში მონაწილეობა ვერ დაუდგინა და მალევე გაათავისუფლა. ამავე მედიასაშუალების ინფორმაციით, იმავე 2000 წელს, რაზმაძე ნარკოტიკების შეძენა– შენახვის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს, ხოლო ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია იმიტომ არ მოიძებნება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო ამნისტიით, ნასამართლეობა გაუქარწყლდა და მისი მონაცემები ე.წ. ბაზიდან წაშლილია.

გოგა რაზმაძე აცხადებს რომ აღნიშნული ინფორმაციები წარმოადგენს აბსოლუტურ ტყუილს.

“ეს არის აბსოლუტური ტყუილი – თავის მართლებაც რომ ზედმეტია ისეთი. არასდროს ვყოფილვარ რაიმე დანაშაულის ჩამდენი ან მონაწილე და არანაირი შეხება არ მქონია ნარკოტიკთან. ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი და სპორტით ვიყავი დაკავებული“, – აცხადებს რაზმაძე.

კითხვას -რატომ არ განაცხადა მედიით, რომ ეს ინფორმაციები არ შეესამებოდა სიმართლეს და ცილს სწამებდნენ მას -რაზმაძე პასუხობს,  რომ აბსურდზე თავის მართლება არ სურდა.

“მედიას სერიოზულად არც კი მიუღია ეს ცრუ ბრალდება და აბსურდზე თავის მართლება რატომ უნდა დამეწყო? ავდექი და მშვიდად, სუფთა სინდისით სასამართლოში სარჩელი შევიტანე „პირველი რადიოს“ წინააღმდეგ და ახლა ადგნენ და თავად ამტკიცონ, რომ ის ტყუილი, რაც გაავრცელეს, სიმართლეა“, – აცხადებს გოგა რაზმაძე.

კითხვაზე, რას მიაწერს რაზმაძე აღნიშნული ინფორმაციების გავრცელებას და ხომ არ ჰყავს პირადი მტრები – რაზმაძე შემდეგნაირად პასუხობს: “კარგია მუდამ მტრიანი… მეც ალბათ მეყოლება მტრები“, – აღნიშნავს ის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები