გიორგი აბაშიშვილი ლარის კურსის დასტაბილურებას, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ მუშაობას უკავშირებს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის გაძლიერებული მუშაობის ინიცატივით გამოდის.
როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად გამოინახება გზები, რომ ლარის კურსის მერყეობა, ერთი მხრივ, გონივრული, საბაზრო მექანიზმებით იქნას შეჩერებული, მეორე მხრივ კი, მოხდეს მნიშვნელოვანი დანაკარგების თავიდან აცილება.
მისივე განმარტებით, ასევე საჭიროა ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება, რის მიღწევასაც, ხელს მნიშვნელოვნად სწორედ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა შეუწყობს.
“ვფიქრობ, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის შედეგად გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ბაზარზე ნეგატიური მოლოდინების განეიტრალებას. ამავდროულად, საჭიროა, რომ კოორდინაცია მუდმივ რეჟიმში შენარჩუნდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგნოზირების გაუმჯობესებას, ეს კი, მომავალში მსგავსი ტიპის რყევების ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებს”, – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.