ნოდარ ხადური ლარის კურსის დასტაბილურების პირობას დებს

„ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება“, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა და ლარის კურსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სპეკულაციად კიდევ ერთხელ შეაფასა. მისივე თქმით, იანვარ-ივლისში ქვეყანაში 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტო დახმარებაა შემოსული, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები. ხადურის განმარტებითვე, ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით იღებს.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე დამატებით 110 მილიონ დოლარს ელოდებიან.
„ანუ, წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცედენტოდ თანაბარი. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და ყოველთვიურად განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარმწუნებული.
სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციები არც აქამდე და არც ამის შემდეგ არანაირ გავლენას არ იქონიებს გაცვლითი კურსის გაუარესებაზე. პირიქით, ეს შემაკავებელი ფაქტორიცაა, ვინაიდან ეროვნული ბანკის ანგარიშზე ხაზინაში დაგროვილია 700 მილიონ ლარზე მეტი დეპოზიტები. ამის გარდა, წლის ბოლომდე მთავრობა ვარაუდობს, რომ დაახლოებით მილიარდი ლარი ექნება შემოსავალი, რომელსაც არ დახარჯავს და ბაზარს არ დააწვება“, – დასძინა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები