პრემიერი-ლარის კურსზე: სახეზე გვაქვს სპეკულაცია და აჟიოტაჟი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლარის კურსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეკულაციასა და აჟიოტაჟს უწოდებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მოსახლეობასა და ბიზნესმენებს მოუწოდა, არ აჰყვნენ აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილ ქაოსს და დაეყრდნონ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინფორმაციას.
“მე მქონდა საუბარი კოლეგებთან. ასევე ვიცი, რომ თქვენც გქონდათ კომუნიკაცია ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი.
ეს არის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი. მინდა, მოსახლეობას მივმართო, რომ არ აყვნენ ემოციურ აჟიოტაჟს და როგორც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, დიდი შანსია იმისა, რომ თუ ისინი აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე დაკარგავენ უფრო მეტს, ვიდრე მოიგებენ. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი გადავლახეთ.
ეს არის აჟიოტაჟი, რომელიც უნდა მოიხსნას და ადრე თუ გვიან, მოიხსნება კიდეც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მალე გადაივლის. ასეთია ეროვნული ბანკის ვარაუდიც, ამიტომ მინდა, მოსახლეობას მივმართო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს.
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ვუთხრა, ნუ აჰყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან. გთხოვთ, დაეყრდნოთ ამ ინფორმაციას და არა ვიღაც გაუგებარ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან”, – განაცხადა პრემიერმა.