რატომ უწოდებენ მარგველაშვილს პოლიტიკურ ღამურას და ბურჯანაძეს პოლიტიკურ ბარბის?

გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ბურჯანაძისა და მარგველაშვილის პოლიტიკური ისტორია, მათი პოლიტიკური ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ერთმანეთს გავს.
„ერთხელ რეფორმატორებმა ნინო ბურჯანაძე პარლამენტში ანტირეფორმატორების წინააღმდეგ გამოიყვანეს. მაშინ ანტის ლიდერი ვაჟა ლორთქიფანიძე იყო, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა. ასე გახდა ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას შემდეგ. რეფორმატორებმა მაშინ ეს ბრძოლა მოიგეს.
რიგითი დეპუტატობიდან ზემოთ გადანაცვლების შემდეგ კი ერთ მავნე, კაპარჩხანა ფიგურად იქცა პოლიტიკაში. მისი ვიზუალი კი იყო დასავლური და მას ამის გამო მომხრეებიც ჰყავდა, მაგრამ დასავლური ღირებულებების არაფერი გაეგებოდა. ამიტომაც მას ჩვენ პოლიტიკური ბარბი დავარქვით. ეს ტიტული, რომ დაიმსახურა, მისმა შემდგომმა ნაბიჯებმაც დაადასტურა. ჯერ საკუთარ გუნდს – მათ, ვინც მისგან, საერთოდაც პოლიტიკოსი შექმნა, ზურგი აქცია და მუდმივად „ფეხს უდებდა“. ამიტომაც საკუთარ პოზიციასა და მხარდაჭერას ყიდდა ხოლმე. 2007 წლის დარბევის შემდეგ მან მაშინდელ ხელისუფლებას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ სააკაშვილმა ერთ ლარად წყნეთში სოლიდური მიწის ნაკვეთი აჩუქა.
ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი ბურჯანაძემ დასავლეთსაც აქცია ზურგი და პუტინის კარის მსახური გახდა. პოლიტიკაში ის უფრო მეტს „ვრედნობს“ , ვიდრე იბრძვის ღირებულებებისთვის ან დემოკრატიისთვის.
თითქმის ასეთივე ისტორია აქვს გიორგი მარგველაშვილსაც. ის მეორე კლასიკური მაგალითია ბურჯანაძის მსგავსად. ისიც რიგითი იყო და ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანი ფიგურის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი გახდა.
როგორც კი ძალაუფლების ხიბლი იგრძნო, პრეზიდენტის პოსტზე ისე მოიქცა, როგორც ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს.
ის თუ პოლიტიკურ ბარბი იყო, ეს პოლიტიკურ ღამურას ემსგავსება. იმიტომ, რომ ის უცხო სხეულია როგორც საკუთარი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისთვის“, – წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ პოპულისტურ კანონებზე რეაგირებს. გამოცემა პრეზიდენტს არაგუნდურობაშიც ადანაშაულებს.
„როცა ივანიშვილმა ფსონი მასზე დადო, შიდა წინააღმდეგობების მიუხედავად, მთელი გუნდი ამ გადაწყვეტილებას იცავდა. ანუ მან არ იცის რას ნიშნავს გუნდურობა. მას ერთგულებისთვის სიმამაცე არ ეყო და პოპულიზმს იოლად აჰყვა“, – წერს გაზეთი.
გამოცემა გაეროში გამგზავრების საკითხსაც შეეხო. როგორც ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, თუ ვინ წავა გაეროში, ამის გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით გუნდი იღებს. მისი თქმით, მარგველაშვილს გუნდი არ ჰყავს. ასე, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი გაეროში პრემიერი წავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები