გიორგი მღებრიშვილი: არსებული ხელისუფლების პირობებში ყველაზე რადიკალური ცვლილებები სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა
არსებული ხელისუფლების პირობებში ყველაზე რადიკალური ცვლილებები სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის თქმით, არსებულმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაენგრია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე აგებული სისტემა და ჩამოეყალიბებინა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მძლავრი ინსტიტუტი.
“არსებული ხელისუფლების პირობებში ყველაზე რადიკალური ცვლილებები სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაენგრია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე აგებული სისტემა და ჩამოეყალიბებინა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მძლავრი ინსტიტუტი. სამინისტროში მისვლისთანავე დავიწყე უწყების ინსტიტუციური რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 40-მდე კანონში ცვლილება შევიდა და მიზნად ისახავდა საბჭოური მოდელით აგებული სისტემის დანგრევასა და თანამედროვე, დასავლური სტანდარტების გაზიარებას.
სად-ის ლიკვიდაციის შემდეგ პენიტენციარული დაწესებულებები მთლიანად მინისტრს დაექვემდებარა, რამაც შექმნა უწყების მართვის მოქნილი და ეფექტური მექანიზმი. დაინერგა თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კარიერული სისტემის ახალი მოდელი, იზრდება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები. ამ უწყებაში მუშაობა პრესტიჟული უნდა გახდეს. კვალიფიციური თანამშრომელი ყველა სისტემაში მთავარი დასაყრდენია.
მსჯავრდადებულთა უფლებების უკეთ დასაცავად გაუქმდა შიდაბიუროკრატიული ბარიერები და გამარტივდა ადმინისტრირება, გაუმჯობესდა მათი უფლებრივი მდგომარეობა დისციპლინური სახდელების კუთხით. გაუქმდა ე.წ. ფუქსები და”კარანტინი და შეიქმნა მიღება-განთავსების თანამედროვე განყოფილებები.
შეიცვალა უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის მექანიზმი. დამტკიცდა პენიტენციარული ჯანდაცვის სტანდარტები. მნიშვნელოვანი იყო სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია… დაიწყო მსჯავრდადებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის პროცესი, ასევე სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი სრულწლოვან პატიმრებს შორის.
დიდ იმედს ვამყარებ პროექტზე, რომელიც თითქმის ბოლომდე მივიყვანე – ეს არის მჯავრდადებულთა ელექტრონული (ე.წ. სამაჯურებით) მონიტორინგის სისტემა, როგორც სასჯელის ალტერნატიული ფორმა.
მიხარია, რომ სისტემა უფრო გამჭვირვალე გახდა. გათვალისწინებულია საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც მინიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას შეუწყობს ხელს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცათ. გაიხსნა საწარმოები, სადაც მსჯავრდადებულები არიან დასაქმებული.
დასაქმება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ჩემს გუნდთან ერთად, შევქმენი გარემო, რომელიც იმსახურებს საზოგადოების ნდობას, თუმცა, ამ ნდობის შენარჩუნებას მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. მჯერა, რომ ახალი ხელმძღვანელი ამას შეძლებს“, – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
კითხვაზე: “თუმცა შს მინისტრად თქვენს დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც პენიტენციარულ სისტემაში, განსაკუთრებით, ქალთა კოლონიაში არსებულ მთელ დარღვევებზე იყო საუბარი“- შს მინისტრი ამბობს,რომ ქალთა კოლონია აღარ არსებობს, ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ყველაფერი კეთდება, რომ მსჯავრდადებულებმა სასჯელი სათანადო პირობებში მოიხადონ.
“მოეწყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება ქალებისთვის. მჯავრდადებულები უქმე დღეებში დაწესებულებიდან გავლენ და დროს შვილებთან, ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებენ.
რაც შეეხება საკითხს, რომელიც ქალთა დაწესებულებაში ბოლოს წამოიჭრა და შემოწმების პროცედურას უკავშირდებოდა… მინდა დაგარწმუნოთ, რომ სისტემის ხელმძღვანელობა მსჯავრდადებულთათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას სისტემის მართვის ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევს. მაგალითად, დავიწყეთ მუშაობა, რომ მსჯავრდადებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მივცეთ. ამ სიახლის დანერგვის შემთხვევაში საქართველო იქნება პირველი ქვეყანა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც, სადაც პატიმრები უმაღლეს განათლებას მიიღებენ.
საყურადღებოა, რომ ჩვენ არ გაგვიმკაცრებია დასჯის საშუალებები, პირიქით – 20 დღიდან 14 დღემდე შევამცირეთ ე.წ. კარცერში ყოფნის ვადა. შიშით და დამამცირებელი მოპყრობით ციხეების მართვა მთავრობის პოლიტიკა არ არის“, – აღნიშნავს გიორგი მღებრიშვილი.