საპატიო სტუმრის სტატუსი და მასშტაბური სტენდი – საქართველოს პოტენციალს  China International Import Expo-ზე ეცნობიან

უკვე მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი საქართველოს სტენდთან  ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც ქართულმა გასტრონომიამ და ღვინომ, ისე ქართულმა პროდუქციამ, რომლითაც  შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე “აწარმოე საქართველოში” 40-მდე კომპანიასთან ერთადაა წარმოდგენილი.

“ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარდგა. გამოფენაზე საქართველოს პოტენციალს ათი ათასობით ვიზიტორი ეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

5 დღის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები: იოსებ ჯაბანაშვილი, დავით ნარიმანაშვილი, ვახო გობეჯიშვილი, ვაკო ვაშაკაშვილი და გურამ ბაღდოშვილი გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ. ვიზიტორებს საშუალება აქვთ ხაჭაპური, გებჟალია, შქმერული, ჩაქაფული და ქართული ღვინო დააგემოვნონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და ინფორმაცია მიიღონ ქართული კულტურისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ.

China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები