საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებებს მასპინძლობს

მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს, თბილისში იმართება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრა (Chief Negotiators’ Meeting), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 57 დამფუძნებელი ქვეყანა. საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში ინვესტირების გზით. ბანკის საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თბილისში შეხვედრისას, განხილული იქნება ბანკის დაფუძნებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მოხდება ბანკის პრეზიდენტის შერჩევა. ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ვიზიტისას, გაიმართება ბანკის გენერალური მდივნის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შედგება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ნოდარ ჯავახიშვილთან. სტუმრები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში, ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები