ალექსანდრე კვიტაშვილი მისი უწყების საქმიანობის გამოძიების შედეგებს უნდობლობას უცხადებს
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მის უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგებს “ანგაჟირებულს“ უწოდებს. ამის შესახებ კვიტაშვილმა კომისიის საქმიანობის შედეგების საჯარო წარმოდგენის დროს განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის უწყების საქმიანობის პირველი გამოძიება საკმაოდ პროფესიონალური იყო და ის უწყების საქმიანობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რაც შეეხება მეორე გამოძიებას, რომელშიც 15 დეპუტატი მონაწილეობდა, მასში დიდი იყო „ემოციური“ ფაქტორი.
კვიტაშვილს მიაჩნია, რომ სამსახურებრივ გამოძიებაში არ უნდა მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც ამ საკითხში პირადი დაინტერესება აქვთ.
„კომისიაში ბატონი მისი, ქალბატონი ბოგომოლეცი და ქალბატონი კორჩინსკაია შედიან. ეს ადამიანები საჯარო გამოსვლებში გამოძიების დასრულებამდე ჯანდაცვის უწყების საქმიანობაზე ძალზე უარყოფით კომენტარებს აკეთებდნენ“, – განაცხადა მინისტრმა. კვიტაშვილი ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს, თითქოს მისი მინისტრობის პერიოდში 6 ბავშვი გარდაიცვალა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გააგზავნა. კვიტაშვილის თქმით, ამ ადამიანებიდან სამია ბავშვი და სამი – ზრდასრული ადამიანი. „როდესაც ასეთ სერიოზულ ბრალდებას მიყენებთ, როდესაც საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე და სიკვდილზე, უნდა მიუთითონ სამედიცინო დაწესებულებებში მათი რეგისტრაციისა და გარდაცვლალების თარიღები. ვინც მედიას უყვება, რომ ჩემს სინდისზე 6 ბავშვის სოცოცხლეა, ცინიკურად ტყუის და ამის გამო მე მთელი ამ აქტის ლეგიტიმურობას უნდობლობას ვუცხადებ“,- განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.