თბილისის საკრებულომ მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატთა უმრავლესობამ “მირზა შაფის” კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.
ოპოზიცია, საკრებულოს უმრავლესობის ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვდნენ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას და გადადებას იმ მიზეზით, რომ არც პროექტთან და არც ცვლილებებთან დაკავშირებით კომპეტენტური განხილვები არ გამართულა, თუმცა, პროექტი მაინც დამტკიცდა. არ გაითვალისწინეს სამოქალაქო საზოგადოების აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილს საფრთხეს უქმნის.

“ნაციონალური მოძრაობისა” და “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ფრაქცია “რესპუბლიკელების” წარმომადგენელს, დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ პროექტში მეტი საჯარო ჩართულობა უნდა მომხდარიყო.

“მეტი საჯარო განხილვა, მეტი საჯარო ჩართულობა ამ პროექტს არ აწყენდა. ამ შემთხვევაში უფრო დაიხვეწებოდა პროექტი. მერიის წარმომადგენლები თანახმანი იყვნენ საკითხის გადასადებად, თუმცა ეს უმრავლესობამ არ გაიზიარა. საკრებულო და მერია ორიენტირებულები უნდა იყვნენ მოსახლეობის და არა ინვესტორის ინტერესზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დამოუკიდებელ დეპუტატს მიაჩნია, რომ პროექტი ძველ თბილისს გაანადგურებს.

“2009 წელს უგულავას და სააკაშვილს ხელიდან გამოვგლიჯეთ. “ქართული ოცნება” იძახდა, ნუ ანგრევთ ისტორიულ თბილისს – მირზა შაფსო, მაგრამ დღეს იგივეს აკეთებს და ძალიან მოიჭრა თავი. არ მოუსმენიათ პროფესიონალების აზრი და ეს პროექტი არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები