ალექსი პეტრიაშვილი თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას მართებულს უწოდებს
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების უწყებაში აღდგენას ეხმაურება და მინისტრის გადაწყვეტილებას მართებულს უწოდებს.
“არასდროს მოვრიდებივარ და არც ახლა დავიშურებ საქებარ სიტყვებს, როცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღება: ისევე როგორც დეპუტატობის დროს, თავდაცვის მინისტრმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რასაც გულწრფელად მივესალმები!
პასუხისმგებლობის საკითხია – ხალხი უდანაშაულოდ, უსამართლოდ ციხეში იჯდა 8 თვე. პროკურატურას, პირველ რიგში. ასევე მათაც უნდა გაიზიარონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ამტკიცებდა, რომ კორუფციული სქემით მილიონები იყო მიტაცებული! იმედს გამოვთქვამ, რომ ხუთივე ადამიანს საჯაროდ მოუხდიან ბოდიშს და აუნაზღაურებენ მორალურ და მატერიალურ ზარალს. ვულოცავ, პირველ რიგში, ამ ღირსეულ ადამიანებს და მათ ოჯახებს! ასევე, ყველა თავისუფალ დემოკრატს! ყოველთვის ღირს ბრძოლა ბოლომდე სიმართლისთვის”, – წერს პეტრიაშვილი.
ინფორმაციას, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს, უწყებაში ადასტურებენ და დასძენენ, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს: ნუგზარ კაიშაურს, გიზო ღლონტს, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძესა და არჩილ ალავიძეს ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა მათ გირაოთი შეეცვალათ.