ივლისში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 180 ერთეული შეადგინა

2015 წლის ივლისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 180 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 180 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.3% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.7% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.955 დონეზე დაფიქსირდა.
ამა წლის ივლისის თვეში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (4.0%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (14.5%-ით) შედარებით. 2015 წლის ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7.5%-ით გაიზარდა. ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც – სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 14.6%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.6%-ით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.957 და 0.898 დონეებზე დაფიქსირდა.
ამა წლის ივლისის თვეში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 477 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 59.3%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 512 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 36.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 95.5% კვლავ მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 113 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 54 კოოპერატივი, 15 სააქციო საზოგადოება, 8 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები