„ლარს არანაირი სიმყარის საფუძველი არ გააჩნია“

„ლარს არანაირი სიმყარის საფუძველი არ გააჩნია“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გიორხელიძემ ხელისუფლება არასწორი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და მაღალ ფასებსა და ელექტროენერგიის გაზრდილ საფასურზე ისაუბრა. მისი თქმით, არ არსებობდა დასაბუთებული არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ტარიფის გაზრდა აუცილებელი იყო.
ექსპერტის მოსაზრებით, ლარის კურსის ხშირი ცვალებადობა არა გარეგანი ფაქტორების, არამედ არასწორად გატარებული პოლიტიკის შედეგია.
„დღესაც წმინდა პროფესიული თვალსაზრისით ლარის ვარდნის მიზეზები ცხადად ცნობილი არ არის. ეროვნული ბანკი სრულ ინფორმაციას არ გვაძლევს. თუ არ შეიცვლება მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივად განხორციელებული პოლიტიკა, სხვაგვარად ვერაფერი შეიცვლება. ყველაზე ცუდი ნიშნები დევს ეკონომიკაში. პროდუქტებზე ძალიან გაძვირებულია ფასები. ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც მთავრობა და მისი შემადგენელი სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროები ეწევიან. აიღეთ თუნდაც ტარიფების ზრდა, რომლის გაზრდის საჭიროებასაც ვერავინ დაასაბუთებს. ჩვენ მოგვატყუა მთავრობის წევრმა, რომელიც ამ სფეროს განაგებს, მოგვატყუა სემეკის თავმჯდომარემ…. ეს არის ბოლო ყულფი, რომელიც ამ გაწამებულ მცირე და საშუალო ბიზნესს კისერზე კიდევ უფრო მაგრად მოუჭერს. დაგეგმილი 2%-იანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ არ დავეშვებით ქვევით, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ 2016 წელს ვერც სოციალური და ვერც დასაქმების მიმართულებით ვერაფერი გადაწყდება. ეს ყველაფერი არასწორი პოლიტიკის ბრალია. საგარეო ფაქტორები არ იძლევა იმის სურათს, რომ ლარი ასე ხტუნავდეს,“ – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ექსპერტის მოსაზრებით, ლარის რყევის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეუთანხმებელი მოქმედებაც იყოს. გიორხელიძის მოსაზრებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე დადებულ ვეტოზე პრეზიდენტს უსუსური არგუმენტაცია ჰქონდა.
„ეს იყო ძალიან სუსტი, უსუსური და შეუსაბამო არგუმენტები. მე ვფიქრობ, ამით პრეზიდენტმა საკუთარ ავტორიტეტს ავნო. ის არ გამოდიოდა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. ის გარკვეული ჯგუფის მხარეს დადგა და ამ ჯგუფის პოზიციები სწორი არ არის. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან არაფერ შუაშია“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები