ირაკლი ღარიბაშვილი: ვისურვოთ, რომ ომი აღარასოდეს განმეორდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში – ფოტოკოლაჟი
„ვისურვოთ, რომ ომი აღარასოდეს განმეორდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გმირ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.
„ის, რაც თქვენ გააკეთეთ, მართლაც, ბრძოლის ტოლფასია, რადგან მთელმა მსოფლიომ ნახა ეს შემზარავი კადრები და თქვენი გმირობა დასაფასებელია. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მაშინ საკუთარი სიცოცხლე გარისკეთ და ჩვენს ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან ერთად სწორედ ფრონტის წინა ხაზზე იყავით და დააფიქსირეთ ყველაფერი ის, რაც ხდებოდა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის შეფასება. ეს არის საოცრად შემზარავი ისტორია და ტრაგედია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა გამოიარა. მე პირადად ამის გახსენებაც კი მზარავს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია მშვიდობაზე, მოსახლეობის სტაბილურობაზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი კონფლიქტი, დაპირისპირება, შუღლი და ესკალაცია. კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, პოლიციელების, მათი ოჯახების წინაშე, რომ ასეთი გმირები გაგვიზარდეს. მართლაც, ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გამოვლა და იმედი მაქვს, მომავალი თაობა, ჩვენი შვილები დააფასებენ მათ ღვაწლს ჩვენი სამშობლოს წინაშე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფოტოგამოფენაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 7 წლისთავის მიეძღვნა, 6 ფოტორეპორტიორის ფოტოები იყო წარმოდგენილი. გამოფენა ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ორგანიზებით მოეწყო.