დავით უსუფაშვილი: ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია

დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წარმატებაა, რომ შეჩერებულია ოკუპაცია და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს ურყევი პოზიციაა.
“დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია იმიტომ, რომ იმ მოვლენებს, შესაძლოა, ჰქონოდა გაცილებით დიდი გართულებები, თუ არა საერთაშორისო საზოგადოების დროული დახმარება და ჩარევა, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ის მოვლენები ჩვენ თავიდან ვერ ავიცილეთ, არადა მაშინაც ვამბობდით მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მას შემდეგ საქართველოს აქვს წარმატება იმ თვალსაზრისით, რომ შეჩერებულია ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა იქცა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მიერ იმ ურყევ პოზიციად, რომელიც არ შეიცვლება და მიტაცებული, ოკუპირებული ტერიტორიები არ ჩაითვლება არც რუსეთის საკუთრებად და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დეოკუპაციის მიღწევას სსერიოზული მუშაობა და ხელსაყრელი გეოპოლიტიკური გარემო სჭირდება. ყოველივე ამისთვის და რუსეთის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოქცევას, საქართველოს მარტო, მეგობარი ქვეყნების გარეშე ვერ შეძლებს.
“ამ მიმართულებით, ცხადია, უკრაინის მოვლენები ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს, პირიქით. ასეთ ვითარებაში ჩვენ გვმართებს იმ ხაზის გაგრძელება ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, რასაც ჰქვია არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რაც საქართველომ ივალდებულა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შეიარაღებული გზით არ შეეცდება. არა იმდენად იმიტომ, რომ პაციფისტები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს გზა იქნებოდა კიდევ უფრო მეტად ქვეყნის ჩიხში შემყვანი და ამასობაში დაკეტავდა ყველა შესაძლო ვერსიას მომავალში პრობლემის მოგვარებისა. ეს საკითხი ჩვენ უნდა მოვაგვაროთ არა მარტომ, არამედ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ამიტომ მნიშვნელოვანია ევროპულ ინტეგრაციაში მოპოვებული ყოველი შემდეგი სანტიმეტრი. ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაციის თაობაზე შეთანხმება – ეს საქართველოს აქცევს ევროპის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაწილად და ეს იქნება სერიოზული წინსვლა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი წინსვლა ნატო-სთან, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რეგიონში ახალი მშვიდობისმოყვარე ძლიერი მოთამაშეების ჩართვა ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საქართველომ თავი უნდა აარიდოს პროვოკაციებს და ამ კუთხით შეცდომები აღარ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ.
“ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ შეცდომები, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს, რომელიც არის და იქნება ძალიან ბევრი რუსეთის მხრიდან, თუნდაც დღეს რაც ხდება აფხაზეთის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ეს არის პროვოკაციული ქმედებები და აქვს ერთადერთი მიზანი – წამოგვაგონ ამაზე, აგვაღლევონ, გაგვაბრაზონ, შეგვაჯახონ და მერე ამით მოიმზადონ ახალი ნიადაგი იმისთვის, თითოქს ჩვენ დავარღვიეთ რაიმე სტატუს ქვო და ჩვენ ვართ რაიმეში დამნაშავე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ცივი გონებით ისეთ თემებზე, რასაც ჰქვია ქვეყნის უსაფრთხოება და შემდგომი დეოკუპაცია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები