109-ე ბაგა-ბაღში დამატებით 300 ბავშვი ისწავლის

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დახურული ნაწილის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სამშენებლო სამუშაოები 17 ივლისს დაიწყო და შემოდგომის ბოლოს დასრულდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღი, რომელშიც ამჟამად 460 ბავშვი დადის, დამატებით 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.
,,ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაგა-ბაღის ახალი სივრცის შექმნა, რადგან მოთხოვნა დღეს ბაღებზე ბევრად მეტია, ვიდრე მომსახურების მიწოდებაა შესაძლებელი. თბილისის მერია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ უზრუნველყოს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება და რაც მთავარია მაქსიმალურად მოკლე ვადებში’’, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
,,საბავშვო ბაგა-ბაღის ეს ნაწილი 90-იან წლებში იძულებით გადაადგილებული პირების თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით დახურეს. მომდევნო წლებში მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდა, თუმცა ბაგა-ბაღის დახურული ჯგუფები არ აღდგა. ამ ეტაპზე კიდევ ორი დახურული ბაღის აღდგენა მიმდინარეობს, აქედან ჩუღურეთის რაიონში მდებარე #132 საბავშვო ბაგა-ბაღი სექტემბერში გაიხსნება’’, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.
ამ ეტაპზე 109-ე ბაგა-ბაღში შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს. ,,სამება’’ აწარმოებს. ბაგა-ბაღის დახურული ნაწილის აღსადგენად თბილისის ბიუჯეტიდან 309 997 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები