იუსტიციის სამინისტროში OGP-ის ფორუმის მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა – საქართველოს“ ფორუმის მეთოთხმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
„ღია მმართველობა – საქართველოს“ სამდივნომ ფორუმს მიაწოდა ინფორმაცია OGP-ის მმართველი კომიტეტის სამუშაო დონის შეხვედრის შესახებ, რომელიც 2015 წლის 22-23 ივლისს სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. ფორუმის შეხვედრაზე OGP-ის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებაც ისაუბრეს.
განიხილეს, თუ როგორ მზადდება „ღია მმართველობა -საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიში. სამდივნომ ფორუმს წარუდგინა „ღია მმართველობა -საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2015 წლის I კვარტლის მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები. შეხვედრაზე იმსჯელეს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დონორთა მხარდაჭერის საკითხზეც.
„ღია მმართველობის„ პარტნიორობა (OPEN GOVERNMENT PARTNERSHIP – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა.
მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის ღია მმართველობის პარტნიორობა 66 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია.
მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი − WWW.MY.GOV.GE.
საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის“ პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.