თამარ სანიკიძე: საქართველოს მასშტაბით 2015 წელს 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 2015 წელს საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კოლეჯებში 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, – განაცხადა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას განაგრძობს.
თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პროფესიულ სასწავლებლებში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
პროფესიულ განათლებას საქართველოში სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
როგორც მინისტრი განმარტავს, თანამედროვე სტანდარტების კოლეჯებში, ასაკის შეუზღუდავად, ყველა მსურველს შეუძლია შრომის ბაზარზე მოთხოვნად ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს და დასაქმდეს.
“იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი იყოს მაღალი და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, შეიცვალა მიდგომები, საკანონმდებლო ბაზა, გადაიხედა და დაიხვეწა პროგრამები. ახალი სტრატეგიის ფარგლებში აუცილებელი გახდა შესაბამისი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, რაც არსებული კოლეჯების რეაბილიტაციას და მათ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში მიმდინარეობს შენობების ადაპტაცია ინკლუზიური პროფესიული განათლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე ცნობით, პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის გაძლიერების მიზნით, ფუძნდება ახალი სასწავლებლები და ფილიალები.
2013–2015 წლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 9 პროფესიულ სასწავლებელში (5 607 772 ლ). ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას (1 977 189ლ). აშენდა – 1 საერთო საცხოვრებელი და 1 სასწავლო კორპუსი (3 472 950ლ).
თამარ სანიკიძის განცხადებით, 2015 წელს 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კოლეჯებში (მათ შორის ორ ახლად დაფუძნებულ სასწავლებელში), ფილიალებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში – იგულისხმება საპროექტო, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და შშმ პირთათვის შენობების ადაპტირებითი სამუშაობი, ასევე სახელოსნოების გამართვა, აღჭურვა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების მოწყობა.
პროფესიული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოდულური პროგრამების დანერგვის მიზნით, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 26 დაწესებულებისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად 2 637 321 ლარი დაიხარჯება.
“პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება. ამას პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი მოწმობს”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები