ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყება
28 აგვისტოდან ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყება. აღნიშნული ინიციატივა არგენტინაში საქართველოს საელჩოსა და ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორს რიკარდო რაბინოვიჩს ეკუთვნის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი თვის განმავლობაში, არგენტინელი და უცხოელი სტუდენტები ქართული ენის საფუძვლების (დონე A1) შესწავლასთან ერთად, ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორსა და არქიტექტურას გაეცნობიან.
კურსის ფარგლებში გამოყენებულ იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი უახლესი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო „აღმართი“, რომელსაც თანდართული აქვს ქართული ენის შემსწავლელი აუდიო და ვიზუალური მასალა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს დაინტერესება ქართული ენის შემსწავლელი კურსების მიმართ.