„თუ მიკროავტობუსის მძღოლები გაფიცვას არ შეწყვეტენ, იძულებულნი ვიქნებით, ხელშეკრულებები გავწყვიტოთ“

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ოფისში გაფიცულ მძღოლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. უკვე ორი დღეა, რაც თბილისში ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები გაფიცულები არიან. 50- მდე მძღოლი მოითხოვს, რომ ყოველდღიური გეგმა შემცირდეს. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები მძღოლების მოთხოვნებს განიხილავენ.
როგორც “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი აცხადებს, მძღოლების გაფიცვა საზოგადოების გადაადგილებას პრობლემას უქმნის.
“კომპანია ყოველთვის მზადაა მათთან შესახვედრად. თუმცა ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ეს არის კერძო კომპანია და ვერავინ – ვერც ჟურნალისტი, ვერც კონკრეტულ პირთა ჯგუფი ვერ მოახდენს ამ კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობაზე ზეწოლას.
პრობლემები აქ არის ისეთივე, როგორიც დასვენების დღეები. წელიწადში 80 დღე, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი. ისინი დანარჩენი დღეები ვალდებულები არიან, რომ იმუშაონ. ვცდილობთ, დავარწმუნოთ, რომ არცერთ ადამიანს, რომელიც საქართველოში დღეს მუშაობს, 80-დღიანი დასვენების ფუფუნება წლის განმავლობაში არ აქვს. არსებობს სხვა პრობლემებიც, რომელიც განხილვის თემაა. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას უბრალოდ მოუწევს ხელშეკრულებების გაწყვეტა, რადგან ეს საზოგადოებას პრობლემას უქმნის და ჩვენთვის მთავარია კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებული მგზავრი”, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები