არასამთავრობო სექტორი ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას სთხოვენ – ამ წინადადებით არასამთავრობო სექტორი მინისტრს დღევანდელ შეხვედრაზე მიმართავს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროში იმართება.
“პირველ რიგში, დავაყენებთ საკითხს, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას. ეს არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი საკითხი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რათა პატიმართა უფლებების დაცულობა შემოწმდეს უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. ამას ვითხოვთ უკვე მრავალი წელია. 2011 წელს პრეზიდენტსაც კი მივმართეთ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო, მაგრამ არანაირი ქმედითი ღონისძიებები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ვფიქრობ, სამინისტროა ის უწყება, რომელსაც შეუძლია ამ მხრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაეხმაროს და შეასრულოს მისი ვალდებულება. მეტიც, ასოცირების დღის წესრიგში პირდაპირ წერია, რომ პენიტენციურ სისტემაში, დახურულ დაწესებულებებში საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები უნდა გაძლიერდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს “ციხის საერთაშორისო რეფორმის” ხელმძღვანელმა, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე დაინტერესდებიან იმითაც, თუ როგორ გეგმავს სამინისტრო გაუმკლავდეს ციხის მენეჯმენტის პრობლემებს, რა გეგმები აქვს მას დირექტორებთან დაკავშირებით, როგორი სტრატეგია ექნება, რომ მოიზიდოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც მომავალში იქნებიან ციხეების დირექტორები და თუ აპირებს ამ კუთხით საკადრო ცვლილებებს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, რა გეგმები აქვს სამინისტროს რესოციალიზაციის პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზული გამოწვევაა სასჯელაღსრულების სისტემაში იმის გათვალისწინებით, რომ ამ მხრივ კონკრეტული მიდგომები და დანერგილი სისტემები არ არსებობს “, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები