ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მოსახლეობას ბიუროში შეხვდა და რაიონში არსებულ პრობლემებს, ამავე რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან და ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
დეპუტატის განცხადებით, ბიუროში შესული განცხადებები, ძირითადად, სოციალური თემატიკისაა და ინფრასტრუქტურულ, საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას გულისხმობს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დღევენადელ შეხვედრაზე გოგებაშვილისა და ბერიძის ქუჩებზე არსებული სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა.
გოგებაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის ნაწილს საკმაოდ მწვავედ უდგას წყლის კომუნიკაციის და საკანალიზაციო ქსელების არარსებობის პრობლემა, ხოლო ბერიძის ქუჩაზე, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა საცხოვრისს ანალოგიური საყოფაცხოვრებო პრობლემები გააჩნია.
ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მოსაწესრიგებელია ისეთი ინფრასტრუქტრული საკითხები, როგორიცაა: ძველი და ავარიული სახლების გადახურვა, აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვა.
„მოგეხსენებათ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აღნიშნული პრობლემები მეტი სიმწვავით იჩენს თავს და მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები უნდა შევუქმნათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესვე ჩაინიშნა შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც დევნილებს მიეცემათ საშუალება, სამინისტროს წარმომადგენლებს პირადად გააცნონ არსებული პრობლემა, რათა ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, გონივრულ ვადებში განვახორციელოთ მიმდინარე პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ღონისძიებები“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
დეპუტატის შუამდგომლობით, მთაწმინდის გამგეობა აღნიშნული პრობლემების შესწავლას და ოპერატიულ რეაგირებას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები