9 არასამთავრობო ორგანიზაცია სააკაშვილის ჰააგის სასამართლოთი გასამართლების და „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით ხვალ აქციას გამართავს
9 არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან 7 აგვისტოს, 12 საათზე, აქციას გამართავს, – ამის შესახებ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
უფლებადამცველთა განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია საზოგადოებამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებული უმძიმესი, ტრაგიკული შედეგები გააპროტესტოს. აქციაში მონაწილე ორგანიზაციები: „კავშირი – ადამიანის უფლებები და მოვალეობები“, „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“, „თავისუფალი თაობა“, „საქართველოს ახალი დემოკრატები“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „დაიცავი შენი უფლებები“, „სამართლის კავშირი ჯერარსი“, „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის“, „მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების, ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრი“ 2008 წლის ომის დაწყებაში ბრალს წინა ხელისუფლებას სდებენ და ორი ერის, ქართველებისა და ოსების გენოციდის გამო მიხეილ სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალის მიერ გასამართლებას მოითხოვენ.
უფლებადამცველები, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, მისი მმართველობის პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებზეც საუბრობენ. მესამე სექტორის წარმომადგენელთა თქმით, საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობისადმი ჩადენილი სხვადასხვა სახის დანაშაულის გამო, პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
„ომი საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალზე მიტანილი იერიშით დაიწყო. ბრძანება, ბუნებრივია, ყოფილმა მთავარსარდალმა, სააკაშვილმა გასცა. სამართლიანობის აღდგენისა და კანონიერების აღსრულების მიზნით, დღევანდელი აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ:
სააკაშვილი გასამართლდეს ჰააგის ტრიბუნალის მიერ, საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისა და ორი ერის, ქართველებისა და ოსების გენოციდის გამო. საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენის ქვეყნის მოსახლეობისადმი ჩადენილი მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა სახისა და ხარისხის დანაშაულის გამო, მოხდეს პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. მკაცრად დაისაჯონ სააკაშვილის მომხრეები იმ შემთხვევაში, თუ მომავალშიც გააგრძელებენ მეზობელი ქვეყნის, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ, შეურაცხმყოფელ რიტორიკას და მაპროვოცირებელი აქციების განხორციელებას, რადგან ეს ყოველივე დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ახალ საფრთხეებს უქმნის მას, არამედ სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები 700 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის ბედს.
ამავე დროს, მივმართავთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც, „ნაცხუნტის“ პიარტექნოლოგიის გავლენით, ჯერ კიდევ სჯერა, თითქოს სააკაშვილის დროს ქვეყანა შენდებოდა: საერთაშორისო რანგის ექსპერტებმა 2011 წელს სააკაშვილის მმართველობა შეიტანეს ავტორიტარული რეჟიმების სიაში. ამასთან, მრავალწლიანი დაუღალავი შრომა სჭირდება სააკაშვილისა და მისი ტერორისტული დაჯგუფების მიერ ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულთა აღწერას. ნუ აჰყვებით საქართველოს მოღალატეთა დაუსრულებელ დემაგოგიას. გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების გარშემო“, – აცხადებენ უფლებადამცველები.