წყალტუბოში პროგრამა „მწვანე აკადემია” მიმდინარეობს
წყალტუბოში, ორი დღის განმავლობაში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამა „მწვანე აკადემია” მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პანელ დისკუსიის „განვითარება გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური თვალთახედვით” მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამინისტროს ხედვა გააცნო.
მინისტრმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა გადაილახოს ის წინააღმდეგობები, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოსა დაცვას შორის დგას განსაკუთრებით განვითარებად და გარდამავალ ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და როგორ უნდა მოიძებნოს ბალანსი განსხვავებულ ინტერესებს შორის.
„მწვანე აკადემიაში” მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ექსპერტები, ევროპელი პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
პროგრამის „მწვანე აკადემია” მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების გააზრება და ახალგაზრდა მკვლევარებთან, აქტივისტებთან, პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად მწვანე პოლიტიკის და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობა.
ამ პროგრამის მეშვეობით შეიქმნება ახალგაზრდების ქსელი, რომლებიც მომავალში შეძლებენ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ არენაზე მწვანე იდეების წინ წამოწევასა და მხარდაჭერას.