„მივმართავთ მთავრობას კითხვით – როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კეკლუცობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან?“

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე, საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის გამო აკრიტიკებს. ოთარ ანგურიძე ღია წერილში აღნიშნავს, რომ მარგველაშვილი სააკაშვილს “არა მხოლოდ ფუფუნებისადმი ტრფობაში, არამედ სახელმწიფო ხარჯებისადმი აგდებულ დამოკიდებულებაშიც ემსგავსება”.
“ბატონო პრეზიდენტო, ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ წერილობით მოგმართათ თხოვნით, ადმინისტრაციას მოეწოდებინა ინფორმაცია პრეზიდენტის ფონდის ხარჯების შესახებ. ზოგადი ფრაზების გარდა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
ორიოდე დღის წინ, მაესტროსთან ინტერვიუში თქვენ “უსაგნო” უწოდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გათავსების თემას. ხოლო მთავრობისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციას _ განსაზღვროს სახელმწიფო ორგანოების შენობებში გათავსების საკითხები მიიჩნევთ შეურაცყმყოფელ და ლამის ადამიანის უფლებების შემზღუდველ “მითითებად”. ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ _ “თუ პრეზიდენტს მიუთითებ, სად უნდა იმუშაოს, ბუნებრივია, ეს გავრცელდება სხვა მოქალაქეებზეც”. დიახ, ასეც უნდა იყოს! იმიტომ რომ ასეა განსაზღვრული კონსტიტუციით და კანონით. კანონი ყველასთვის კანონია! სწორედ კანონი მოუთითებს ქცევას პრეზიდენტსაც, პრემიერ მინისტრსაც, ჩინოვნიკსაც და სხვა მოქალაქეებსაც. სამწუხაროდ, იძულებული ვართ შეგახსენოთ ეს ჭეშმარიტება. ასევე, უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენ წარმოადგენთ კონსტიტუციის გარანტს! თქვენ უნდა იყოთ ამ კონსტიტუციის და მისგან გამომდინარე კანონების დამცველი და არა აბუჩად ამგდები.
ფაქტია, რომ თქვენი უწყებები – ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭო, თქვენივე გადაწყვეტილებითა და ნებით, დღევანდელი მდგომარეობით, იკავებენ ორ შენობას. ე.წ. “ავლაბრის რეზიდენციას”, რომელიც სახელმწიფოს 300 მილიონი ლარი დაუჯდა, და “ათონელის რეზიდენციას”, რომელშიც თქვენ უნდა გადასულიყავით თქვენივე დაპირებისამებრ, რის გამოც სახელმწიფომ დამატებით 26 მილიონი ლარი გამოყო. დღეს, თქვენი მხრიდან 16 000 კვ. მეტრის “ავლაბრის რეზიდენციის” ექსპლუატაციით, სახელმწიფო ყოველწლიურად კარგავს 9-10 მილიონ ლარს, თანხას, რომელიც შესაძლოა თქვენთვის უმნიშვნელოა, ხოლო თავად თემა “უსაგნო”, მაგრამ არა კანონისთვის, რომელსაც თქვენ ზეწოლად მიიჩნევთ. რითაც თავადვე ქმნით უკანონობის და ქაოსის პრეცენდენტს. ჩვენი მოკვლევით, საქართველოს მსგავს საპარლამენტო რესუბლიკებში, პრეზიდენტის რეზიდენციების საშუალო ფართი 3000 კვ.მეტრია. ხოლო ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ილვესი, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს თავის ქვეყნის წინაშე, მუშაობს 1500 კვ. მეტრი ფართის რეიდენციაში. თქვენ კი, ბატონო პრეზიდენტო არ კადრულობთ “ათონელის რეზიდენციას”, რომლის ფართი 6000 კვ.მეტრია და რომელიც აღჭურვილია უმაღლეს დონეზე.
როგორც ჩანს, “ავლაბრის რეზიდენცია” მისი 16 000 კვადრატული მეტრით უბრალოდ თქვენი “კაპრიზი” და ახირებაა, გამოდის რომ კადრულობთ და ქართულ საზოგადოებასაც აკადრებთ, სააკაშვილის მსგვსად პომპეზურ ფუფუნებაში იცხოვროთ. ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილის საქმის გამოძიებაში თქვენი ხელისშეშლა “საიდუმლო” გრიფის მოხსნაზე უარის თქმა, თქვენმა პრესმდივანმა უცნაურად განმარტა, (ეჭვიც არ მეპარება თქვენივე კარნახით) “გამოძიება 7 პიჯაკის და სუშის 4 ქვითრის გამო ტარდებოდაო”. გამოძიება სააკშვილს 7 პიჯაკს კი არა, 7 მილიონზე მეტს ედავება. სადაც სააკაშვილის 7 მილიონი 7 პიჯაკს, შეადარეთ, რა გასაკვირია რომ “ავლაბრის რეზიდენციაზე” ყოველწლიურად დაკარგული 9-10 მილიონიც არაფრად, “უსაგნობად” მიგაჩნიათ. სახელმწიფო ქონებასთან დამოკიდებულებით თქვენი ასეთი ზერელე მიდგომა, სააკაშვილის თავხედობასაც შეიძლება აჭარბებდეს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ სააკაშვილს ემსგავსებით არა მხოლოდ ფუფუნებისადმი ტრფობაში, არამედ სახელმწიფო ხარჯებისადმი აგდებულ დამოკიდებულებაშიც. მთვარობამ, როგორც კანონით ევალებოდა, განსაზღვრა თქვენი რეზიდენციის ადგილსამყოფელი, თუმცა თქვენ ცდილობთ შეინარჩუნოთ “ავლაბრის რეზიდენცია” და ამისთვის მიდიხართ პოლიტიკურ სპეკულაციებზეც. ყოვლად წარმოუდგენელია დამოკიდებულება “ათონელის რეზიდენციისადმი” რომელში გადასვლაც თქვენ არ იკადრეთ, თუმცა გადასვლის მზადყოფნა გამოითქვა უშიშროების საბჭოს მხრიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ეს გადაწყვეტილებაც შეცვალეთ, მაშინ როცა ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხი გადაწყვეტილია და “ათონელის რეზიდენციის” საოფისე ნაწილი უშიშროების საბჭოს გადაეცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასეთი უდიერი დამოკიდებულება კანონისა და ბიუჯეტისადმი, გვიჩენს ლეგიტიმურ კითხვებს და შესაბამისად, მოგმართავთ ოფიციალური მოთხოვნოთ, კანონის შესაბამისად, მოგვაწოდოთ თქვენი ადმინისტრაციული ხარჯების სრული ნუსხა, თქვენს დაქვემდებარებაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, თქვენი ფონდის მიერ გაწეული ხარჯები და ის ბენეფიციარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აფინანსებს თქვენი ფონდი. წელს, აპრილის თვეში, ჩვენ მოგმართეთ მსგავსი მოთხოვნით, თუმცა თქვენგან ზოგადი და გაურკვეველი, პასუხი მივიღეთ. იმედია ამჯერად მაინც გვაღირსებთ კონკრეტულ პასუხს, მითუმეტეს, რომ ჩვენი მოთხოვნა კანონიერი და კონსტუტუციურია.
აქვე, მივმართავთ მთავრობას კითხვით – გვაქვს თუ არა სახელმწიფო, რომელშიც ყველა თანაბარი კანონის და კონსტიტუციის წინაშე? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კეკლუცობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან? რატომ უნდა იხდიდეს ქვეყანა 10 მილიონით ზედმეტს მხოლოდ ერთი მოქალაქის, თუნდაც ის პრეზიდენტი იყოს, სურვილების გამო? საქართველომ საბედნიეროდ უკვე გადაშალა ისტორიის ის ფურცელი, როცა პრეზიდენტი იმავდოულად ითავსებდა მეფის და კონსტიტუციაზე ზემდგომი ზეკაცის ფუნქციებს. მთავრობამაც და საზოგადოებამაც უნდა დაამტკიცონ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციაზე მაღლა არავინ არ შეიძლება იდგეს”, – ნათქვამია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები