„საქართველოს გაზით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება საქართველოში შემომავალი სხვა მილსადენებიდან”

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გაზმომარაგებას პრობლემა არ შეექმნება.
“მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „შაჰ-დენიზის“ საბადოს მოპოვების პლატფორმაზე წინასწარ დაგეგმილი და გრაფიკით მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სამხრეთ-კავკასიური მილსადენით გაზის მიწოდება „შაჰ-დენიზის“ საბადოდან შეწყვეტილია როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მიმართულებით.
დღეისთვის საქართველოს გაზით მომარაგება, ძირითად მომწოდებელ აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ შეთანხმებით, შეუფერხებლად და სრულად ხორციელდება საქართველოში შემომავალი სხვა მილსადენებიდან. სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) გაზის მოწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში 23 აგვისტოსთვის, რაზეც არანაირი გავლენა არ ექნება თურქეთში გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას”, – ნათქვამია ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა. თურქულმა კომპანიამ Botas-მა მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გაზსადენის მონაკვეთზე სადაც აფეთქება მოხდა, დიდი ოდენობით ბუნებრივი აირი არ ყოფილა. გაზსადენში ბუნებრივი აირის მიწოდება რამოდენიმე დღის წინ “შაჰ დენიზის” პროექტის სამუშაოების გამო შეწყდა. აღნიშნული მილსადენით გაზი თურქეთს მიეწოდება.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბაქოდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე მილსადენის ტექნიკური ოპერატორი კომპანია BP-ია, კომერციული კომპანია კი „სოკარი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები