“თელასის” სატარიფო განაცხადს სემეკი ხვალ განიხილავს
თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ გვერდზე წერია.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.
განხილვა არის საჯარო და მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2015 წლის 31 ივლისის №41/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – კომისიის სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად. აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება განპირობებულია იმით, რომ კომისიაში სს „თელასმა“ შემოიტანა სატარიფო განაცხადი და სატარიფო მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა სს „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშება და ახალი მაჩვენებლების დადგენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.